ვლადიმირ პუტინი

ილარიონოვი „გენერლების შეთქმულებას“ არ გამორიცხავს

wikipedia.org

რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, ეკონომისტი ანდრეი ილარიონოვი არ გამორიცხავს, ვლადიმირ პუტინის საჯარო სივრციდან მოულოდნელი გაუჩინარება „გენერლების შეთქმულებას" და ხელსუფლებიდან მისი ჩამოცილების მცდელობას, ე. წ. „სასახლის გადატრიალებას" უკავშირდებოდეს.

ილარიონოვი საკუთარ ბლოგში აღნიშნავს, რომ მაღალჩინოსნების ბოლოდროინდელი აქტიურობა - პუტინის ადმინისტრაციის უფროსის ოვანოვის შეხვედრა საპატრიარქოს უმაღლეს პირებთან, უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსის პატრუშევის შეხვედრა კადიროვთან, ასევე გავრცელებულ ხმები შინაგან საქმეთა მინისტრის კოლოკოლცევისა და როსნეფტის ხელმძღვანელის სეჩინის გადადგომის შესახებ, იმის მანიშნებელია, რომ პუტინს ძალოვანი და ფინანსური საყრდენი „პარალიზებულია".

„არ არის გამორიცხული, უახლოეს დღეებში გადადგეს პრემიერი მედვედევი და მისი ადგილი სერგეი ივანოვმა დაიკავოს. სახელმწიფო სათათბირო ნარიშკინის ხელმძღვანელობით ხმების საჭირო რაოდენობას უზრუნველყოფს. ამის შემდეგ კი საზოგადოებას ამცნობენ, რომ ნაციონალური ლიდერი დამსახურებულ დასვენებას საჭიროებს", - აღნიშნავს ილარიონიოვი.

პუტინის წინააღმდეგ შესაძლო შეთქმულებაზე კიდევ ერთი რუსი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი, ანდრეი პიონტკოვსკი საუბრობს. მისი აზრით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბორის ნემცოვის მკვლელობა ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა დაუკვეთეს, რათა ეს მოვლენა მათი პოლიტიკური ამბიციების რეალიზაციის დეტონატორი გამხდარიყო. კერძოდ, ამას ემსახურებოდა გამოძიების კვალის მიყვანა ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვთან. პიონტკოვსკი ამ ჯგუფს „დიდი სისხლის პარტიას" უწოდებს.

„პროექტ კადიროვის დახურვა გახდებოდა ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის დამარცხების აღიარება და მესამე ომის გამოცხადება. ეს 1999 წელში დაბრუნებაა, ოღონდ ბევრად უფრო რთულ საწყის პოზიციაში. გარდა ამისა, ეს არის პუტინის, როგორც 1999 წელს „სამშობლოს მხსნელის" სრული პოლიტიკური დელეგიტიმაცია", - აღნიშნავს პიონტკოვსკი.

მისი აზრით, კამპანიას პუტინის წინააღდეგ სერგეი ივანოვი ხელმძღვანელობს, რომელმაც პუტინს პრემიერმინისტრად მედვედევის დანიშვნა ვერ აპატია.

 

კომენტარები