პარლამენტის რიგგარეშე სხდომა

ბარამიძე: უსუფაშვილი ძალიან სამარცხვინო როლს თამაშობს

ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ბარამიძის შეფასებით, "სამწუხარო და სამარცხვინოა, როდესაც ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური პრობლემების ფონზე, პარლამენტის თავმჯდომარე ასეთი მონდომებით, საკმაოდ უნიჭოდ ცდილობს დაასაბუთოს თუ რატომ არ უნდა შეიკრიბოს ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანო და იმსჯელოს სწორედ იმ საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ხალხითვის". დეპუტატი რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით დავით უსუფაშვილის საგანგებო განცხადებას გამოეხმაურა.

"პარლამენტის თავმჯდომარე ცდილობს, დაასაბუთოს თუ რატომ არ უნდა იყოს ასეთ ვითარებაში ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მოწოდების სიმაღლეზე, მოიწვიოს მთავრობა და იმსჯელოს იმაზე, რაც ხალხისთვის მნიშვნელოვანია. გაუგებარია საერთოდ ასეთი დამოკიდებულება, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მით უმეტეს, რომელიც ამ შემთხვევაში ძალიან სამარცხვინო როლს თამაშობს, ამართლებს რა ივანიშვილის მიერ ნაკარნახევ უმრავლესობის პოზიციას, რომ რამენაირად, ღმერთი არ გაუწყრეთ და მთავრობა არ იყოს იძულებული, წარსდგეს პარლამენტის ანუ ხალხის წინაშე და იმსჯელოს იმ საკითხებზე, თუ როგორ აპირებენ და საერთოდ აპირებენ თუ არა ქვეყნის უმძიმესი ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანას", - განაცხადა ბარამიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, საპარლამენტო უმცირესობის მთავარი ამოცანაა, "რაც შეიძლება დიდხანს იყოს საგანგაშო მდგომარეობა და რაც შეიძლება დიდხანს ვილაპარაკოთ განგაშსა და უბედურებაზე". დავით უსუფაშვილის განცხადებით, ნუ გაუკვირდება საპარლამენტო ოპოზიციას, "თუ რიგგარეშე სხდომაზე უმრავლესობა მიიღებს სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და არ ჩაებმევა ამ უსაგნო ხმაურში". მისი თქმით, "ვერ ავყვებით პოლიტიკურ ოპონენტებს ამ საგანგაშო, საგანგებო რეჟიმის და ვითარების დამკვიდრების მცდელობაში".

კომენტარები