პარლამენტის რიგგარეშე სხდომა

უსუფაშვილი: არავის უნდა მივცეთ უფლება, განსაზღვროს პარლამენტის მუშაობა

Jamestown.org

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტმა უნდა დაიცვას კონსტიტუციური უფლება და არ მისცეს საშუალება უმცირესობას, მთავრობას და პარლამენტის თავმჯდომარეს (ამ სამ სუბიექტს აქვს რიგგარეშე სხდომის ინიცირების უფლება), რომ განსაზღვროს და მართოს პარლამენტის მუშაობა.

"მაგალითად, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ხუთი საკითხის განხილვა მიაჩნია აუცილებლად რიგგარეშე სხდომაზე, მიმართავს პრეზიდენტს, მოიწვევს სხდომას და პარლამენტი იმსჯელებს ამ საკითხებზე. შემდეგ, მე ჩავთვლი, რომ 30 სხვა საკითხია აუცილებლად რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი და მოვითხოვ მის მოწვევას. ამის შემდეგ, საპარლამენტო უმცირესობა ანუ დეპუტატების 1/4 მოითხოვს იგივეს... და რა გამოდის, ამ სამი სუბიექტის მიერ უნდა იმართებოდეს და განისაზღვრებოდეს, რაზე იმუშაოს პარლამენტმა, რა თემები გადადოს და რა განიხილოს პირველ რიგში? რა თქმა უნდა, არა. მოქმედი კონსტიტუცია და კანომდებლობა ადგენს იმას, რომ რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატორებს აქვთ უფლება, გამოვიდნენ ამ ინიციატივით. პრეზიდენტი ჩართულია უფრო პოლიტიკური კუთხით, რადგან მას არ შუძლია დაბლოკოს სხდომის გამართვა. თუ ის იზიარებს არგუმენტებს რომ სხდომა საჭიროა, საკითხი საჩქაროა და როგორც ჩანს, პრეზიდენტმა ამ შემთხვევაში ეს ასე გაიაზრა და გაიზიარა, მაშინ ნიშნავს სხდომის თარიღს, თუ არა, პარლამენტს შეუძლია, მაინც შეიკრიბოს, მაგრამ პარლამენტი უფლებამოსილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ საკითხის საჭიროობას, საგანგებოობას და დროულობას მიესალმება წევრთა ნახევარზე მეტი მაინც", - განაცხადა უსუფაშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაზე.

უსუფაშვილის თქმითვე, 13 მარტის რიგგარეშე სხდომაზე გასატანი საკითხი ფორმულირებულია ისე, რომ "პარლამენტი ვერ განიხილავს ვერანაირ რეჟიმში, რომელსაც იცნობს ჩვენი მოქმედი რეგლამენტი". ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა.

"პარლამენტის 42-მა წევრმა, საპარლამენტო უმცირესობამ მიმართა პრეზიდენტს, დაენიშნა რიგგარეშე სხდომა, რომელზეც "განხილულ იქნება საკითხი, რომელიც შეეხება ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის მექანიზმებსა და საშუალებებს, სამომავლოდ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების აუცილებელი გზების მოძიებას და ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართულ ღონისძიებებს". რიგგარეშე სხდომა არაფრით განსხვავდება სხვა სხდომებისგან გარდა იმისა, რომ მას აქვს ფიქსირებული დღის წესრიგი. მაგრამ დღის წესრიგში უნდა იყოს შეტანილი საკითხი, რომლის განხილვაც შესაძლებელია. მე მეკითხებიან პარლამენტის წევრები - რა უნდა განვიხილოთ, კანონოპროექტი? კანონპროექტი არ არის ინიცირებული და შემოსული. დადგენილების პროექტი? დადგენილების პროექტი არ არის ინიცირებული და შემოსული. პარლამენტში შემოსულია საკითხი და განვიხილოთ. საკითხების განხილვასაც აქვს თავისი რეჟიმი. პოლიტიკური დებატები ჩავატაროთ? დებატები არ არის მოთხოვნილი დღის წესრიგში და პარლამენტი შეზღუდულია არსებული დღის წესრიგით. მთავრობას მოვუსმინოთ? მათი ანგარიში მოვისმინოთ? ესეც გათვალისწინებულია რეგლამენტით, მაგრამ ეს დღის წესრიგში უნდა იყოს შეტანილი, რომ მთავრობის მოსმენაა მოთხოვნილი და ეს უნდა განვიხილოთ ჩვენ. საკითხი ფორმულირებულია ისე, რომ პარლამენტი ვერ განიხილავს ვერანაირ რეჟიმში, რომელსაც იცნობს ჩვენი მოქმედი რეგლამენტი", - განაცხადა უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ "პრეზიდენტი შეეცადა, გაეკეთილშობილებინა ენმ-ის ინიცირებული საკითხი და განკარგულებაში განსახილველ საკითხად შემოგვთავაზა მხოლოდ ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები".

"საკითხი, აქვს თუ არა პრეზიდენტს უფლება, შეიტანოს ცვლილება მოთხოვნილ დღის წესრიგში, ცალკე სამსჯელო თემაა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემა რჩება უცვლელი. ლარის კურის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები რა რეჟიმში უნდა განვიხილოთ, რა განვიხილოთ, როგორ განვიხილოთ - არის სრულიად უცნობი. რასთან გვაქვს საქმე? ჩვენი ოპონენტების არაკომპეტენტურობასთან? რა თქმა უნდა, არა. ნაცმოძრაობას შეიძლება ბევრი რამ დავწამოთ, მაგრამ ის, რომ საპარლამენტო მუშაობის წესები და პრაქტიკა არ იციან, არა. ე.ი. ერთადერთი ახსნაა, რომ ამოცანაა მხოლოდ ხმაური, საგანგებოობის და საგანგაშოობის რეჟიმის შექმნა და მეტი არაფერი. სხვა შემთხვევაში, მათ ძალიან კარგად იციან, როგორ ხდება რიგგარეშე სზდომის მოწვევა. ეს იცის პრეზიდენტმაც, მე არაერთხელ მიმიმართავს მისთვის. როდესაც მოთხოვნილია რიგგარეშე სხდომა, მითითებულია კონკრეტული კანონპროექტები, კონკრეტული ნორმების მითითებით, ვინ არის მომხსენებული, როგორ უნდა განვიხილოთ და ა.შ.", - განაცხადა პარლმენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები