პარლამენტის რიგგარეშე სხდომა

უსუფაშვილი: ვინც პრეზიდენტზე ნაწყენია, ცივი წყალი დალიოს

Jamestown.org

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, ვინც პრეზიდენტზე ნაწყენია,"ცივი წყალი დალიოს". დღევანდელ პრესკონფერენციაზე უსუფაშვილს ჟურნალისტმა შეახსენა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პრეზიდენტის მიერ ნაციონალური მოძრაობის წინადადების გაზიარებისა და რიგგარეშე სხდომის დანიშვნის გამო ნაწყენები იყვნენ. ჟურნალისტი დაინტერესდა, იყო თუ არა ნაწყენი დავით უსუფაშვილიც.

"თქვენ ახსენეთ სიტყვა ნაწყენი, ვინც ნაწყენია, ცივი წყალი დალიოს. ბევრი მაქვს მაცივარში, მობრძანდნენ ყველა მხრიდან. პოლიტიკაში მყოფმა ადამიანებმა უნდა გაიკეთონ აცრა ნაწყენობაზე, გაბრაზებაზე, გაბუტვაზე და ამ ტიპის კატეგორიებზე. ამასობაში, ჩვენ ყველამ - მოქალაქეებმა, ჟურნალისტებმა უნდა გავიკეთოთ ასევე გარკვეული აცრები და პოლიტიკოსებს შორის უთანხმოება, რაღაც საკითხზე ვერშეთანხმება არ წარმოვიდგინოთ, როგორც აპოკალიფსური მოვლენა. ჩვენ ყოველდღიურად განსახილველი გვაქვს უამრავი საკითხი და გვევალება, უნდა მოვახერხოთ თითოეული საკითხისადმი საქმიანი დამოკიდებულება. კონკრეტულ საკითხში უმრავლესობის წარმომადგენელთა მოსაზრება არის განსხვავებული პრეზიდენტის მოსაზრებისგან, ამ განსხვავებულობის ავკარგიანობის და სიტუაციის შემფასებელი არის საქართველოს მოსახლეობა. არ მგონია, რომ პრეზიდენტი ვინმეს ანკესს წამოეგო. პრეზიდენტი თავისი პასუხისმგებლობითა და გადაწყვეტილებებით მოქმედებს. პრეზიდენტიც ცდება ხანდახან, პარლამენტის თავმჯდომარეც ცდება, მთავრობის წევრიც ცდება, ოპოზიციაც ცდება. ეს არ ნიშნავს ვინმეს ანკესზე წამოგებას", - თქვა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რიგგარეშე სხდომა ქუთაისში, პარლამენტში პარასკევს გაიმართება. აღნიშნული სხდომის ჩანიშვნის მოთხოვნით, ენმ-მ პრეზიდენტს მიმართა.

კომენტარები