პარლამენტის რიგგარეშე სხდომა

უსუფაშვილი: უმცირესობის სურვილია, დიდხანს ვილაპარაკოთ განგაშსა და უბედურებაზე

Jamestown.org

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობის მთავარი ამოცანაა, "რაც შეიძლება დიდხანს იყოს საგანგაშო მდგომარეობა". დავით უსუფაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ 13 მარტს, 12:00-დან პარლამენტის აპარატი უზრუნველყოფს რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობის მსურველთათვის სათანადო ტექნიკური და საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას.

"მინდა, შეგახსენოთ, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-სამართლებრივი ინსტიტუტია და მისი სწორად გამოყენება და გააზრება უკიდურესად აუცილებელია. ჩვენი ოპონენტების, საპარლამენტო უმცირესობის მოქმედებებიდან აშკარაა, რომ მათი მთავარი ამოცანაა არა თავისთავად შემოთავაზებული საკითხის განხილვა და ლარის კურსის გამყარებისთვის ზრუნვა, არამედ 1. საკითხის განხილვა რიგგარეშე საგანგებო, საგანგაშო რეჟიმში. 2. საკითხის განხილვაში პრეზიდენტის ჩართულობის უზრუნველყოფა. 3. ამ საკითხის თაობაზე დებატებით რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში მედიასივრცის გაჯერება. ეს სამი მთავარი დასკვნა ემყარება ძალიან კონკრეტულ ფაქტებს და ეს ფაქტები ვერაფრით აიხსნება თუ არა უმცირესობის აღნიშნული სურვილით - იყოს საგანგაშო მდგომარეობა, პრეზიდენტიც ჩაერთოს და რაც შეიძლება დიდხანს ვილაპარაკოთ განგაშსა და უბედურებაზე", - განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უმცირესობას არცერთ სასესიო კვირაში არ დაუყენებია ეკონომიკურ ვითარებაზე მსჯელობის საკითხი დღის წესრიგში და მხოლოდ რიგგარეშე სხდომას ითხოვდა.

"პარლამენტის პლენარული სხდომები მიმდინარეობდა 16-21 თებერვლის განმავლობაში. აღნიშნული საკითხი მორიგი სხდომების დღის წესრიგში შესატანად კვირის განმავლობაში არ დაუსვია არავის პარლამენტში. საკითხის დასმა შეეძლოთ ბიუროს სხდომაზეც, პარლამენტის სხდომაზეც. დასრულდა თუ არა პლენარული სხდომების კვირა, უმცირესობამ მიმართა პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნით. შემდეგი ფაქტი - 28 თებერვალს დანიშნული სხდომა ვერ შედგა რიგგარეშე რეჟიმში. სამაგიეროდ, შედგა სხდომები მომდევნო კვირაში, 2-7 მარტის განმავლობაში პარლამენტი მუშაობდა მორიგი პლენარული სხდომების რეჟიმში, ეს საკითხი კვლავ არავის დაუსვამს განსახილველად. ლარის კურსი მაშინაც თემა იყო, მაგრამ ეს საკითხი ოპონენტებს არ წამოუწევიათ. დასრულდა თუ არა პლენარული სხდომების კვირა, მეორე დღესვე, მათ დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ კვლავ პრეზიდენტთან უნდა შეეტანათ მოთხოვნა რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად. ყველასთვის ცნობილი იყო, რომ პარლამენტს უკვე დაგეგმილი ჰქონდა საკომიტეტო მოსმენა აღნიშნულ საკითხზე სამსჯელოდ. ასევე, პარლამენტის 42-მა წევრმა, საპარლამენტო უმცირესობამ მიმართა პრეზიდენტს, დაენიშნა რიგგარეშე სხდომა, რომელზეც "განხილულ იქნება საკითხი, რომელიც შეეხება ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის მექანიზმებსა და საშუალებებს, სამომავლოდ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების აუცილებელი გზების მოძიებას და ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართულ ღონისძიებებს". რიგგარეშე სხდომა არაფრით განსხვავდება სხვა სხდომებისგან გარდა იმისა, რომ მას აქვს ფიქსირებული დღის წესრიგი. მაგრამ დღის წესრიგში უნდა იყოს შეტანილი საკითხი, რომლის განხილვაც შესაძლებელია. მე მეკითხებიან პარლამენტის წევრები - რა უნდა განვიხილოთ, კანონოპროექტი? კანონპროექტი არ არის ინიცირებული და შემოსული. დადგენილების პროექტი? დადგენილების პროექტი არ არის ინიცირებული და შემოსული. პარლამენტში შემოსულია საკითხი და განვიხილოთ. საკითხების განხილვასაც აქვს თავისი რეჟიმი. პოლიტიკური დებატები ჩავატაროთ? დებატები არ არის მოთხოვნილი დღის წესრიგში და პარლამენტი შეზღუდულია არსებული დღის წესრიგით. მთავრობას მოვუსმინოთ? მათი ანგარიში მოვისმინოთ? ესეც გათვალისწინებულია რეგლამენტით, მაგრამ ეს დღის წესრიგში უნდა იყოს შეტანილი, რომ მთავრობის მოსმენაა მოთხოვნილი და ეს უნდა განვიხილოთ ჩვენ. საკითხი ფორმულირებულია ისე, რომ პარლამენტი ვერ განიხილავს ვერანაირ რეჟიმში, რომელსაც იცნობს ჩვენი მოქმედი რეგლამენტი", - განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები