ახალი ტექნოლოგიები

Apple წელს 27 მილიონი Apple Watch-ის გაყიდვას გეგმავს

Businessinsider.com

Apple-ის აღმსრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა ორშაბათს Apple Watch წარადგინა. კომპანიამ საათი ჯერ კიდევ სექტემბერში iPhone 6-ის წარდგენისას დააანონსა. პროდუქტის დეტალები კი მხოლოდ ორშაბათს გახდა ცნობილი. საათი ორი ძირითადი ზომით - 38-მილიმეტრიანი და 42-მილიმეტრიანი მოდელებით იქნება წარმოდგენილი.

აშშ-ი Apple Watch-ის გაყიდვები 24 აპრილიდან დაიწყება. Apple Watch-ის ფასი აშშ-ში კონტრაქტით $350-დან იწყება და ცალკეულ მოდელებზე $17 000-ს აღწევს. 24-კარატიანი ოქროს მოდელების ფასი კი $10 000-დან იწყება. თუმცა ოქროს მოდელების რაოდენობა შეზღუდულია და კომპანია მათ ფართო ბაზარზე გაყიდვას არ გეგმავს. ჯერჯერობით საათის გაყიდვებზე ბევრი რამ არ არის ცნობილი, თუმცა BBC-ის ცნობით, სტანდარტული მოდელების ღირებულება $550 დან დაიწყება. კომპანია წელს 27 მილიონი საათის გაყიდვას გეგმავს. 

Apple Watch-ის ელემენტის ხანგრძლივობა დაახლოებით 24 საათს შეადგენს. 
 
Apple Watch სამი ძირითადი კოლექციით გაიყიდება - სტანდატრული, სპორტული და შეზღუდული. სულ 25 განსხვავებული დიზაინის მქონე მოდელი იქნება წარმოდგემილი. მოდელებს შორის ძირითადი სხვაობა დიზაინშია და არა მათ ტექნიკურ მონაცემებში.
 
საათი თავდაპირველად აპლიკაციების მხოლოდ შეზღუდულ რაოდენობაზე იმუშავებს. აპლიკაციების შერჩევისა და გადმოწერისთვის მფლობელს IOS 8.2-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე ტელეფონი უნდა ჰქონდეს.
 
საათის ეკრანის დამცავი პანელი iPhone-ისთვის დამახასიათებელი Gorilla Glass-ით აღარ იქნება დაფარული. მის ნაცვლად Apple იყენებს ახალი ტექნოლოგიით წარმოებულ საფირონს, რომელიც დაჩხაპნასა და დაკაწვრას Gorilla Glass-ზე უკეთ უძლებს.
 
Bloomberg-ის ცნობით, საათის გამოშვება ეგრეთ წოდებული Wearables-ის გაყიდვებს გაზრდის. 2013 წელს მსოფლიოში 1.8 მილიონი ჭკვიანი საათი გაიყიდა, 2014 წელს საათების გაყიდვები 44%-ით გაიზარდა და 3.2 მილიონი შეადგინა, ხოლო 2015 წელს მხოლოდ Apple 27 მილიონი საათის გაყიდვას გეგმავს.

კომენტარები