პარლამენტის რიგგარეშე სხდომა

კობახიძე: პრეზიდენტი აპოკალიფტური სურათის დახატვით დაარწმუნეს, სხდომა მოეწვია

ტაბულა

პარლამენტის ვიცესპიკერის, მანანა კობახიძის თქმით, პრეზიდენტმა პარლამენტში რიგგარეშე სხდომის მოწვევის გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნით და თავისუფალ დემოკრატებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

“თქვენ ხატავთ აპოკალიფტურ სურათს. ზუსტად ასეთ სურათს უხატავდა ნაციონალური მოძრაობა თუ მათი მეგობრები პრეზიდენტს. ალბათ დაარწმუნეს ის, რომ აუცილებელია ამ სხდომის მოწვევა”, - ასე მიმართა კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა არჩევანის წამყვანს.

მისივე თქმით, ალასანიას გუნდი პოპზიციაში იმიტომ წავიდა, რომ პროკურატურამ მათი თანაგუნდელები დაიჭირა. კობახიძის აზრით, თავისუფალი დემოკრატები პოლიტიკურ შურისძიებას ცდილობენ და სწორედ ამიტომ მოითხოვენ პარლამენტში რიგგარეშე სხდომის დანიშვნას.

"მათი მეგობრები პატიმრობაში რომ არ იყვნენ, ისინი არ იქნებოდნენ ოპოზიციაში და არც ამ სხდომას არ მოითხოვდნენ. მათ ძალიან კონკრეტული დღის წესრიგი აქვთ.  ისინი გაბრაზებულები არიან იმის გამო, რომ მათი თანაგუნდელები აღმოჩნდნენ პასუხისმგებლობის ქვეშ. ეს არ მოსწონთ, ამის გამო წავიდნენ ოპოზიციაში და  ახლაითხოვენ იგივეს, რასაც ნაციონალური მოძრაობა. ამაში არაფერი არ არის განსაკუთრებული. მათთვის ეს არს გარკვეულწილად პოლიტიკური ნიშის დაკავების, შურისძიების მცდელობა. სამი თვის წინ თუ თანაგუნდელები ვიყავით და ყველაფერი კარდგად იყო, ახლა რატომ ინგრევა ქვეყანა? იმიტომ, რომ თვითონ აღარ არიან არიან ხელისუფლებაში?”- თქვა კობახიძემ გადაცემა არჩევანში საუბრისას.

მისივე თქმით, სამწუხაროდ თავისუფალ დემოკრატები სერიოზულ ძალას არ წარმოადგენენ, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმცირესობა ნაციონალური მოძრაობაა, მათ მიერ შემოთავაზებული დღის წესრიგით პარლამენტი ვერ იცხოვრებს.

“ბევრად უკეთესია ოპოზიცია, თავისუფალი დემოკრატების სახით, რომელსაც არ აქვს ის მძიმე წარსული, რაც აქვს ნაციონალურ მოძრაობას. მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი დღეს არ ქმნიან უმცირესობას. ეს არის რვაკაციანი ფრაქცია, ამიტომ არ არის სერიოზული ძალა. გვრჩება, სამწუხაროდ, მხოლოდ ეს რეალობა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა იძახოს რომ ის არის ოპოზიცია. ამას ვერ გავექცევით, მაგრამ ჩვენ  ამ ოპოზიციის შემოთავაზებული დღის წესრიგით ვერ ვიცხოვრებთ," - ამბობს მანანა კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 მარტს დანიშნა. 

პრეზიდენტისგან პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობმ მოითხოვა. ენმ რიგგარეშე სესიაზე მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლების მოწვევას და ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისზე მსჯელობას ითხოვს. რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნას თავისუფალი დემოკრატებიც შეუერთდნენ. თავისუფალ დემოკრატებს პარლამენტში მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოწვევაც სურთ.

კომენტარები