ეროვნული ბანკს რომ სომხეთივით და მოლდოვასავით რეზერვები ეხარჯა საქართვლოს ეკონომიკა გაცილებით დიდ დარტყმას მიიღებდა - ასე უპასუხა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ბიძინა ივანიშვილის თავდასხმას ეროვნულ ბანკზე.
გაირკვა, რომ სავალუტო ფონდი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკას, ხოლო ხელისუფლებას ურჩევს ძლიერი გარე შოკების გასანეიტრალებლად რეფორმები დააჩქაროს, უცხოური ბიზნესისთვის დაწესებული ბოლოდროინდელი შეზღუდვები გააუქმოს და ახალი, კერძო ინვესტიციები მოიძიოს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ 2 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი რისკებს შეიცავს და შეიძლება ამ მცირე ზრდასაც ვერ მივაღწიოთ. სავალუტო ფონდის პროგნოზით, გაიზრდება ინფლაცია და შემცირდება ბიუჯეტში შესული გადასახადების მოცულობა, რაც საბიუჯეტო დეფიციტს გაზრდის. იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს ან ხარჯები უნდა შეიკვეცოს მკვეთრად - რასაც როგორც ჩანს საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს. ამიტომ გვთავაზობს გადასახადების მატებას - რასაც საქართველოს ხელისუფლება ასევე არ აპირებს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი პირადი ბანკირის და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, ნოდარ ჯავახიშვილის ბრალდებასაც უპასუხა და სრული სიყალბე უწოდა. მოგეხსენებათ, რომ ამ უკანასკნელმა საფინანსო ინსტიტუტს ნაციონალებთან კორუფციულ გარიგებაში დასდო ბრალი.
დღეს საქართველოს მთავრობის ამ პატივცემულ წარმომადგენელს საქართველოს მთავრობაც გაემიჯნა - დიახ, ეკონომიკის მინისტრმა კვირიკაშვილმა ტაბულას ჟურნალისტს მიუგო, რომ მთავრობა ემიჯნება მინისტრის მოადგილის განცხადებას.
მოკლედ, ბიუჯეტის სეკვესტრი გარდაუვალია - თუმცა გაუგებარია რა ხარჯებს შეკვეცენ. ფინანსთა მინისტრმა ხადურმა აღთქმა დადო, რომ წელს სამინისტროები რბილ ავეჯს აღარ იყიდიან და არც კაბინეტებს გაირემონტებენ და მოგზაურობასაც მოუკლებენ, თუმცა არ დაუზუსტებია რა თანხა დაიზოგება ამ მსხვერპლზე წასვლის შედეგად.




