კრიზისი უკრაინაში

11-მა კონგრესმენმა ობამას უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება მოსთხოვა

worldtribune.com

11-მა ამერიკელმა კონგრესმენმა, როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიიდან, მათ შორის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ჯონ ბეინერმა, ბარაკ ობამას წერილით მიმართა, რომელშიც უკრაინისთვის ლეტალური შეიარაღების მიწოდების სასწრაფოდ დაწყება მოითხოვა.  კონგრესმენების აზრით, რუსეთის ქმედებები უკრაინაში არის გამოწვევა დასავლეთისა და მსოფლიო წესრიგისთვის და უკრაინას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, საკუთარი ტერიტორია დაიცვას. 

უკრაინაში ბრიტანელი სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნა დაადასტურა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინაში ვიზიტისას. ფილიპ ჰამონდი პრეზიდენტ პოროშენკოს შეხვდა და ხაზი გაუსვა მინსკის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას.

"უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მომზადებით დავეხმარეთ. ველით, რომ ჩვენი წვლილი უკრაინის შეიარაღებული ძალების პოტენციალის განვითარებაში მათ ქვეყნის ეფექტურად დაცვაში დაეხმარება. ასევე გვსურს, მოვისმინოთ უკრაინული მხარისგან, რომ ქვეყნის მოსახლეობას კარგად ესმის რეფორმების აუცილებლობა, რაც მინსკის შეთანხმებაშიც არის ჩადებული. ზოგიერთი მათგანი მტკივნეული იქნება, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს, რათა მდგრადი მშვიდობის შანსი გაჩნდეს", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა.

პეტრო პოროშენკო ტელეფონით გერმანიის კანცლერს ესაუბრა. პოროშენკოს პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტმა და კანცლერმა კონფლიქტის ზონაში ეუთოს დამატებითი დამკვირვებლების განლაგებასა და რუსეთს წინააღმდეგ შესაძლო სანქციებზე იმსჯელეს.

ამერიკული გამოცემა უოლ სთრით ჯორნალის ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების ფარგლებში, შეერთებული შტატები ხელისუფლებამ ორი რუსული ბანკის აქტივები დაბლოკა, რომლებიც ვლადიმირ პუტინის მეგობრებს ეკუთვნით. საუბარია იური კოვალჩუკს ბანკ როსიასა და ძმები როტენბერგების კუთვნილ ბანკ SPM-ზე. სულ, გამოცემის ცნობით, შეერთებულ შტატებში ამ ბანკების 640 მილიონი დოლარის აქტივები გაიყინა. 

კომენტარები