გადასახადები

კვირიკაშვილი: გადასახადების გაზრდას არ ვაპირებთ, პირიქით, შემცირებას ვფიქრობთ

ტაბულა

ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "გადასახადების გაზრდას არ ვაპირებთ, პირიქით, ვფიქრობთ... ძალიან სერიოზული განხილვა მიმდინარეობს გადასახადების შემცირების კუთხით". კვირიკაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სამთავრობო ხარჯები უნდა შემცირდეს, ხოლო გადასახადები გაიზარდოს.

"გადასახადების ნაწილში ვფიქრობთ, რომ ჩვენ ლიბერალიზაცია გვჭირდება. რაც შეეხება ხარჯების შემცირებას, დიახ, ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ხარჯების შემცირების კუთხით", - თქვა კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმცირესობა მიიჩნევს, რომ გადასახადების შემცირება ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გზაა.

საგულისხმოა, რომ მთავრობას საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის მეშვეობით არ შეუძლია ახალი სახელმწიფო გადასახადის შემოღება რეფერენდუმის ჩატარების გარეშე. ასევე საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა მხოლოდ რეფერენდუმის გზით არის შესაძლებელი. მთავრობას რეფერნდუმის გარეშე მხოლოდ აქციზის გადასახადის გაზრდა შეუძლია, რასაც საქართველოს დღევანდელი მთავრობა აქტიურად იყენებს. პირველი იანვრიდან სიგარეტზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, პირველი მარტიდან კი ლუდის აქციზის ზრდა მოხდა.

კომენტარები