პრემიერმინისტრის განცხადება

პრემიერის განცხადება 300 000 პირის გასამართლებაზე სიმართლეს არ შეესაბამება

სასამართლო საქმეების რაოდენობა
http://factcheck.ge/

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, წინა წელს არაერთხელ დასახელებული რიცხვი, რომ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, საქართველოში 300 ათასი ადამიანი გაასამართლეს.

"მე მინდა შევახსენო ყველას, რომ სააკაშვილის რეჟიმმა გაასამართლა 300 000 ადამიანი. 300 000 საქართველოს მოქალაქე, 4,5-მილიონიან საქართველოში ეს უზარმაზარი რიცხვია და ამას საერთო არაფერი აქვს დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან, აღარაფერს ვამბობ მორალსა და ადამიანობაზე", - თქვა პრემიერმინისტრმა.

2014 წელს პრემიერმინისტრის აღნიშნული განცხადება, factcheck-მა გადაამოწმა და უზენაესი სასამართლოს მიერ მიწოდებული რიცხვების საფუძველზე დაასკვნა, რომ ღარიბაშვილის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოებმა 2004-2013 წლებში 148 682 პირის მიმართ 122 557 სისხლის სამართლის საქმე განიხილეს. ეს რიცხვი კი ორჯერ ნაკლებია პრემიერმინისტრის მიერ დასახელებულ 300 ათასზე.

factcheck-ისვე დასკვნით, "აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოში ბრალდებულთა რაოდენობა 100 000 სულ მოსახლეზე ევროპის ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ დაბალია. მიუხედავად ბრალდებულთა რაოდენობის სიმცირისა, ძალიან მაღალია არსებითად განხილულ საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის პროცენტული მაჩვენებელი (99%). თუმცა, პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება ეხებოდა არა გამამტყუნებელი განაჩენების სიმრავლეს, არამედ ბრალდებულთა რაოდენობას. შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, 'თქვენ გაასამართლეთ 300 ათასი ადამიანი 9 წლის განმავლობაში", არის მცდარი", - წერდა factcheck-ი.

კომენტარები