აბაშიძე-კარასინის შეხვედრა

აბაშიძე: რკინიგზის აღდგენაზე აფხაზებთან საუბარს არ ვაპირებთ

საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი სარკინოგზო გზის აღდგენაზე აფხაზებთან საუბარს არ ვაპირებთ - ამის შესახებ პრემიერი მრჩეველმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

აბაშიძე- კარასინს შორის პრაღაში შეხვედრა დასრულდა.  შეხვედრის დაწყებამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა თქვა, რომ საუბარი შესაძლოა აფხაზეთის რკინიგზის  აღდგენას შეხებოდა. შეხვედრის შემდეგ პრემიერ მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, თქვა, რომ  აფხაზეთის რკინიგზაზე ახალი არაფერი განხილულა. აბაშიძისვე თქმით, შეხვედრაზე ნატოს ცენტრთან დაკავშირებით სიტყვა არ თქმულა, კარასინის თქმით კი, ნატოს გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„აფხაზეთის რკინიგზაზე ახალი არაფერი ყოფილა. ჩვენ ადრეც გვსმენია მათი პოზიცია, რომ თუ საქართველო დაინტერესებულია ამ გზის აღდგენით ჩვენ აფხაზებთან უნდა მოვილაპარაკოთ. ჩვენი პასუხი ადრეც ასეთი იყო და ახლაც ასეთია. ეს არის რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი რკინიგზა და ამ საკითხზე აფხაზებთან საუბარს არ ვაპირებ“ - განაცხადა აბაშიძემ.

კარასინის თქმით NATO-ს გაფართოება საფთხეს წარმოადგენს.

„რათქმაუნდა გვაღელვებს NATO-ს გაფართოების საკითხი ჩვენ ამ თემაზე ვესაუბრებით ქართველ კოლეგებს, თუმცა მათი განცხადებები რასაკვირველია საკმარისი არ არის. NATO-ს გაფართოება წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისტვის ამიტომ ამ საკითხს ყურადღებით ვაკვირდებით და ვაცნობთ ჩვენს პოზიციებს საერთაშორისო პარტნიორებსაც და საქართველოსაც. საქართველოს ხელისუფლებაში ამას აცნობიერებენ. იგივე  ეხება ევროკავშირისა და ჩვენი მეზობლების, მათ შორის საქართველოს ურთიერთობების ფორმას ამ საკითხებზე ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენ არ გავქვს დახურული  თემები“ - განაცხადა კარასინმა.

პოლიტიკის მიმომხილველთა ნაწილი თვლის, რომ აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე აბაშიძე- კარასინის შეხვედრებზე საუბარი ფორმატს სცდება.

თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი  ამტკიცებს, რომ პრაღაში აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის თემა არ განიხილება და აბაშიძე- კარასინის შეხვედრები იმ ფორმატში რჩება, რა ფორმატშიც ეს მოლაპარაკებები შეიქმნა.

აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხზე მსჯელობა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გახდა აქტუალური. 2013 წელს მაშინდელი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ მის მიზანს აფხაზეთის რკინიგზის საკითხის უმოკლეს ვადაში გადაწყვეტა წარმოადგენდა.  2014 წლის 24 ნოემბერს   სოჭში   ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი და აფხაზეთი მზად არიან შექმნან სატრანზიტო რკინიგზა მოსკოვს, სოხუმს, თბილისსა და ერევანს შორის.ამასთან ერთად,  25 ნოემბერს   ვლადიმირ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვმა გაზეთ კომერსანტთან მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ რკინიგზის აღდგენის წინააღმდეგი თბილისი არასდროს ყოფილა. მაშინ სურკოვის ინტერვიუს გამოეხმაურა შერიგების მინისტრი და თქვა, რომ საქართველო ვერ ხედავდა ვერაფერს მიუღებელს რკინიგზის გახსნაში, თუ ქვეყნის ინტერესები გათვალისწინებული იქნებოდა.

სარკინიგზო მიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის აფხაზეთის რკინიგზის გავლით აფხაზეთის ომის დროს შეწყდა.

კომენტარები