საქართველოს ეკონომიკა

გაბაშვილი: პრეზიდენტმა შიდა ინტრიგებსა და ვაჭრობაში გაცვალა ხალხის ინტერესი

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოკა გაბაშვილის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოიქცა ისე, როგორც "ივანიშვილის უპასუხისმგებლო პოლიტიკური გუნდის" განუყოფელი ნაწილი. გაბაშვილი პრეზიდენტის იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ გაიმართება. დეპუტატის თქმით, პრეზიდენტმა შიდა ინტრიგებსა და ვაჭრობაში გაცვალა ხალხის ინტერესი.

"მაშინ, როცა ლარი, ეროვნული ვალუტა არის კატასტროფულ მდგომარეობაში, მაშინ, როცა ქვეყანაში მძვინვარებს ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი და ეს მდგომარეობა სწორედ საქართველოს მთავრობის უნიათობამ და არაკომპეტენტურობამ მოიტანა და თვეების განმავლობაში, თითი თითზე არ დაუკარებიათ იმისათვის, რომ ეს დღე არ დამდგარიყო, დღეს ისინი აბსოლუტურად გეგმის გარეშე არიან, არ იციან რას აკეთებენ, დაკავებულები არიან ცარიელი პიარით და აი, ამ ფონზე, მოსმენაც კი არ უნდათ იმ გეგმის, რომელიც არსებობს რეალურად და რომელსაც შეუძლია ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს. ამ სიტუაციაში, პრეზიდენტი მარგველაშვილი, სამწუხაროდ, მოიქცა, როგორც ჩვეულებრივი, განუყოფელი ნაწილი ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკური გუნდისა, ივანიშვილის პოლიტიკური გუნდისა და ჩვენ გვაქვს სრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მან ჩვეულებრივ შიდა ინტრიგებში, ვაჭრობაში გაცვალა ხალხის ინტერესი, რომ დღეს მსჯელობა იყოს ლარზე და ეკონომიკაზე. ის ვაჭრობს გვენეტაძის საკითხით - თავისი კანდიდატურის სასამართლოში, არ ადებს ვეტოს ნაფიცი მსაჯულების საკითხს, მედიისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი ინტერესები დაიკმაყოფილოს. მარგველაშვილი მოიქცა სამარცხვინოდ და ეს არის სამარცხვინო, როცა დღეს, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან ერთად უარს გვეუბნება იმ გეგმის განხილვაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, იმისთვის, რომ შეჩერდეს ეს კატასტროფული ეკონომიკური მდგომარეობა და ჩვენი ხალხის ყოველდღიური გაღარიბება", - განაცხადა გაბაშვილმა.

კომენტარები