ლოს ანჯელესში, დოლბის თეატრში ოსკარების 87-ე დაჯილდოება გაიმართა, რომლის ტრიუმფატორიც ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ნამუშევარი ჩიტკაცა გახდა. მექსიკელი რეჟისორის ფილმმა ოთხი ჯილდო მიიღო. პირადად ინიარიტუმ კი სამი ჯილდო მოიპოვა - ის წლის საუკეთესო რეჟისორი გახდა, საუკეთესო სცენარის ავტორისთვის განკუთვნილი ჯილდო დაიმსახურა, ხოლო ჩიტკაცას საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებისას, სცენაზე პროდიუსერის რანგში ავიდა. მეოთხე ჯილდო კი საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის ფილმს ემანუელ ლუბეცკიმ მოუტანა.
ოსკარების წლევანდელმა დაჯილდოებამ სიურპრიზების გარეშე ჩაიარა და ყველა მთავარ ნომინაციაში უმთავრესმა ფავორიტმა გაიმარჯვა.




