რელიგიის სააგენტო

აკონტროლებს თუ არა სახელმწიფო რელიგიურ უმცირესობებს?

"შეიცავს თუ არა ოთხი რელიგიური ორგანიზაციის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება, სახელმწიფოს მხრიდან მათ დამოუკიდებლობაში ჩარევის რისკებს?" - ამ კითხვით დღეს ტაბულამ რელიგიის სააგენტოსა და მთავრობის წარმომადგენლებს მიმართა.

ცოტა ხნის წინ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ნათქვამია, რომ მთავრობის მიერ ოთხი რელიგიური ორგანიზაციის დაფინანსების პრაქტიკა წინააღმდეგობაში მოდის სეკულარიზმის პრინციპთან და რელიგიური გაერთიანებების კონტროლისა და მათ დამოუკიდებლობაში ჩარევის შემაშფოთებლად მაღალ რისკებს შეიცავს. კონტროლის რისკებსა და დაფინანსების შესაძლო დისკრიმინაციულ პრინციპზე დღეს კომენტარები სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ, შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა გააკეთეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია EMC მიიჩნევს, რომ დაფინანსების აღნიშნული პრაქტიკა, სახელმწიფოს რელიგიური ორგანიზაციების კონტროლისა და მათი ლოიალობის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს. რელიგიური ორგანიზაციებისთვის წლიურად გადასაცემი თანხების ოდენობასა და პერიოდს მთლიანად სააგენტო განსაზღვრავს. ხარჯვის მიზნობრიობის თაობაზე სახელშეკრულებო პირობების დარღვევის შემთხვევაში კი, სახელმწიფო იტოვებს დაფინანსების შეწყვეტის უფლებას. დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად, სააგენტო აკონტროლებს რელიგიური ორგანიზაციების ყოველდღიურ საბუღალტრო-ფინანსურ საქმიანობებს და ამ მიზნით აუდიტორული შემოწმების უფლებასაც იტოვებს.

დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2014 წელს გაწეული საქმიანობისა და სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა, სადაც მიღწეულ წარმატებათა შორის დასახელდა სწორედ აღნიშნული დაფინანსების წესი. ქორთიარდ მერიოტში გამართულ ღონისძიებებზე საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები იყვნენ მიწვეულები.

რელიგიის სახელმწიფო სააგენტო 2014 წლის მაისში საქართველოს მთავრობამ შექმნა და ის უშუალოდ ექვემდებარება საქართველოს პრემიერმინისტრს.

კომენტარები