შრომის ინსპექცია

სერგეენკო: შრომის ინსპექცია არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის ბიზნესს

ტაბულა

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, "შრომის ინსპექცია აუცილებელია განხილული იყოს სამმხრივ ფორმატში, სადაც ჩართულები არიან სახელმწიფო, პროფკავშირები და დამსაქმებლები". როგორც სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, "იმდენად, რამდენადაც ეს თვისობრივად ახალი ინსტრუმენტია ჩვენს ქვეყანაში, იყო ხანგრძლივი კონსულტაციები. საბოლოოდ, შევთანხმდით ფორმატზე, რომ შრომის ინსპექცია რომ დაინერგოს, ამისთვის საჭიროა შესაბამისი სპეციალისტების გადამზადება, რასაც რამდენიმე თვე სჭირდება". სერგეენკომ აღნიშნა, რომ ასევე უნდა დაიხვეწოს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები.

"მას შემდეგ, რაც დეტალურად გაეცნობიან შინაარსს, არავის არანაირი კითხვა არ დარჩება. ამით არანაირი საფრთხე არ შეექმნება ბიზნესს", - თქვა სერგეენკომ და დაამატა, რომ "მთავარი ამოცანა შრომის ინსპექციაში არის ტრეფიკინგი და მუშახელის უკანონო ექსპლუატაცია". ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, "შრომითი ხელშეკრულებების გადახედვა არ მოხდება, თუმცა, გადაიხედება ის პირობები, რომლებიც პოტენციურად შეიძლება შეიცავდეს ტრეფიკინგის რისკს. ამ კუთხით გაანალიზდება".

კითხვაზე, "შეაფერხებს თუ არა ბიზნესს შრომის ინსპექციის ამოქმედება გახშირებული რეგულაციების ფონზე", სერგეენკო პასუხობს, რომ "ეს არ არის გახშირებული რეგულაცია, ეს არის საერთაშორისოდ მიღებული და მაქსიმალურად რბილად გაწერილი გარდამავალი პერიოდის მქონე დოკუმენტი, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის ბიზნესს".

კომენტარები