კრიმინალი

შსს-მ გამოძალვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა

სამართალდამცველებმა გამოძალვის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული ბაჩანა ტ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბაჩანა ტ-მ Facebook-ში გამოგონილი სახელით შექმნა გვერდი, რომლის მეშვეობითაც დაუკავშირდა ორ არასრულწლოვან გოგონას. ის სოციალური ქსელის მომხმარებლებს სამოდელო სტუდიის მენეჯერად გაეცნო და შესთავაზა „ონლაინ კონკურსში“ მონაწილეობის მისაღებად მისთვის ფოტოსურათები გადაეგზავნათ. ბრალდებული დაჰპირდა გოგონებს, რომ შერჩევის შემთხვევაში, გარკვეული თანხის ანაზღაურების პირობით, აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობას მიაღებინებდა. გოგონებმა მას საცურაო კოსტიუმში გადაღებული პირადი ფოტოები გაუგზავნეს, რის შემდეგაც ბრალდებულმა მათ 100-100 ლარის გადაცემა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში - ფოტოების გასაჯაროვებით დაემუქრა. ერთ-ერთმა დაზარალებულმა ბაჩანა ტ-ს 50 ლარი, ხოლო მეორემ 70 ლარი და „ქენონი“-ს ფირმის ფოტოაპარატი გადასცა.

"სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას - დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულის ნაწილი, ხოლო საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას - მისი პირადი კომპიუტერი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით)" - აცხადებს შსს.

კომენტარები