ღირსების მარში

კიევში გამართულ ღირსების მარშში მონაწილეობა ათამდე ქვეყნის დელეგაციამ მიიღო

facebook.com/Margvelashvili

კიევში ღირსების მარში გაიმართა. ღირსების რევოლუციის წლისთავის აღსანიშნავმა სიმბოლურმა მსვლელობამ ის ადგილები მოიცვა, სადაც ერთი წლის წინ სამთავრობო ძალებსა და ევრომაიდნის მონაწილეებს შორის სისხლიანი დაპირისპირება მიმდინარეობდა.

მსვლელობაში მონაწილეობა უკრაინის პრეზიდენტთან ერთად ათი ქვეყნის დელეგაციამ მიიღო. დასავლელ ლიდერებს შორის იყვნენ ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, გერმანიის პრეზიდენტი იოაჰიმ გაუკი, მოლდოვას პრეზიდენტი ნიკოლაე ტიმოფტი, პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი, სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა და ევროკავშირის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი. მსვლელობაში კიევისა და სრულიად რუს-უკრაინის პატრიარქი ფილარეტიც მონაწილეობდა. მარშში მონაწილეობა მიიღო ქართულმა დელეგაციამაც, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს.

მსვლელობა დაახლოებით ერთი საათი მიმდინარეობდა და დამოუკიდებლობის მოედანზე უკრაინაში მშვიდობისთვის ლოცვით დასრულდა. მარშის შემდეგ კიევის ცენტრში ევროკავშირის ჰიმნი შესრულდა და უკრაინაში დაღუპულების სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართა.

კომენტარები