ირაკლი ალასანია

ალასანია: აბაშიძის განცხადება არის გზავნილი, რომ NATO-სკენ არ მივდივართ

თავისუფალ დემოკრატთა ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება უახლეს მომავალში დღის წესრიგში არ დგას და ქვეყანაში ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნა არ იგეგმება, მისთვის „გარკვეული წყალგამყოფი" გახდა. მან აბიშიძუის განცხადება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს საფრთე ემუქრება.

„გუშინდელი დღე იყო ჩემთვის მართლაც გარკვეული წყალგამყოფი... საუბარი ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე არ არის უბრალოდ ევროპისკენ მისწრაფება. ევროპა და NATO არის ინსტრუმენტები ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობის შენარჩუნების. და როდესაც ხელსუფლების წარმომადგენელი გამოდის და რუსეთთან შეხვედრის წინ აძლევს მათ გზავნილს, რომ არა ბატონო, თქვენ არ ინერვიულოთ და არანაირი NATO-ს ინფრასტრუქტურა არ იქნება, დამერწმუნეთ, ეს არის გზავნილი რუსეთისთვის, რომ ჩვენ NATO-სკენ არ მივდივართ", - განაცხადა ალასანიამ.

მის თქმით, იგი პატივს სცემს ზურაბ აბაშიძის დიდ დიპლომატიურ გამოცდილებას. თუმცა, რუსეთთან მოლაპარაკების საკუთარი გამოცდილების შეხსენება სურს.

„მე ძალიან კარგად ვიცი რუსეთის ტაქტიკა მოლაპარაკების პროცესში. როდესაც რუსეთი დაინახავს, რომ შენ ერთი ადგილი გიკანკალებს და ისე მიდიხარ მოლაპარაკებისკენ, სწორედ მთელ მის საგარეო პილიტიკურ ინფრასტრუქტურას მის გასახევად მომართავს. ამიტომ უნდა იყო მტკიცე, მაგარი, ამიტომ უნდა უთხრა, რომ გარდაუვალია საქართველოს NATO-ში შესვლა და NATO-ს ინფრასტრუქტურის შექმნა. და როდესაც რუსეთი დაინახავს, რომ ეს გარდაუვალია, სწორედ მაშინ შეცვლის რიტორიკას", - აღნიშნა ალასანიამ.

მისი თქმით, ახლა ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები აშკარა საფრთხის წინაშე დადგა და საჭიროა საზოგადოების მობილიზება მის თავიდან ასაცილებლად.
„საზოგადოება არ მისცემს მათ უფლებას ამ გზიდან გადაუხვიონ, მაგრამ ამას აქტიურობა და სიფხიზლე სჭირდება", - განაცხადა ალასანიამ.

 

კომენტარები