ტიერი ანრის სამწვრთნელო კარიერა

ტიერი ანრი სამწვრთნელო კარიერას იწყებს

bleacherreport.com

ლონდონის არსენალის მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა დაადასტურა, რომ ტიერი ანრიმ ლონდონურ კლუბში სამწვრთნელო კარიერა დაიწყო.

ინგლისურ პრესაში ბოლო წლების განმავლობაში ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსენალის ხელმძღვანელობა ფრანგ ყოფილ ფეხბურთელს, პერსპექტივაში გუნდის მთავარ მწვრთნელად მოიაზრებს. Independent ვარაუდობს, რომ ანრიმ ამ მიზნისკენ უკვე პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო.

არსენალის 15-წლამდელთა გუნდის ერთ-ერთმა მოთამაშემ, ჯოშ ბენსონმა თავის ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ გუნდი 19 თებერვალს ტიერი ანრიმ ავარჯიშა. დღეს, ეს ინფორმაცია ვენგერმაც დაადასტურა.

"ტიერი ანრი პირველ ნაბიჯებს დგამს მწვრთნელის რანგში. ახალგაზრდებისთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ტიერის ბევრი ისეთი თვისება აქვს, რომელიც კარგ სპეციალისტს უნდა ჰქონდეს, მაგრამ არ ვიცი რამდენად ექნება ერთ-ერთ უმთავრესი - კრიტიკის ატანის უნარი. თუ ანრი ამ საქმისთვის თავს გადადებს, დარწმუნებული ვარ ყველაფერი გამოუვა," - განაცხადა არსენ ვენგერმა.

არსენალის ასაკობრივ გუნდში ვარჯიშების ჩატარებით, ანრი საჭირო გამოცდილებას მიიღებს, რაც სამწვრთნელო ლიცენზიის ასაღებად სჭირდება. ცოტა ხნის წინ, ფრანგმა კურსები უელსის კარდიფში გაიარა.

კომენტარები