ოკუპირებული ტერიტორიები

ზაქარეიშვილი აფხაზური დელეგაციის თურქეთში ვიზიტზე: ამაზე მე არ უნდა ვინერვიულო

ტაბულა

"აფხაზური დელეგაციის თურქეთში ვიზიტი ის საფრთხე არაა, რის გამოც, მაგალითად, მე უნდა ვინერვიულო. თქვენ გაქვთ უფლება ინერვიულოთ, თქვენ ინერვიულეთ, ღმერთმა შეგარგოთ", - ასე უპასუხა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტის დასმულ კითხვას, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის თურქეთში ვიზიტს ეხებოდა. 

"თურქეთი არის ჩვენი მეზობელი სახელმწიფო, არასდროს თურქეთი არ გადადგამს ჩვენს საწინააღმდეგო ნაბიჯებს რა. თქვენ რა, გგონიათ აფხაზეთისთვის სასარგებლოს თუ გააკეთებს, საქართველოსთან დაპირისპირება იქნება? გამორიცხულია, ბაღაფში იყო ჩასული სააკაშვილის დროს თურქეთში, არ დაგავიწყდეთ, ბაღაფში, მაგრამ ამით არაფერი არ მომხდარა. არანაირი საფრთხე არ არსებობს. თურქეთი არის ძალიან სანდო სახელმწიფო და თურქეთი არასდროს არ გადალახავს ოფიციალურ და არაოფიციალურ საზღვრებს. მან კარგად იცის, სად არის კერძო პირი, და კარგად იცის, სად არის ოფიციალური სიტუაცია. და ყოველთვის ამ ხალხის ჩასვლა ხდება როგორც კერძო პირების. თქვენი ნებაა, თქვენ უნდა დაუჯეროთ აფხაზურ პროპაგანდას, ვერ აგიკრძალავთ მაგას. ვიზიტების სიხშირე დაითვალეთ და თამამად გეტყვით, რომ ადრე უფრო მეტი სიხშირით იყო. მოდით, ავდგეთ და დავითვალოთ. ბაღაფში არის ყველაზე მნიშვნელოვანი. არძინბა იყო შევარდნაძის დროს ნიუ-იორკში. ეს ის საფრთხე არაა, რის გამოც, მაგალითად, მე უნდა ვინერვიულო. თქვენ გაქვთ უფლება ინერვიულოთ, თქვენ ინერვიულეთ, ღმერთმა შეგარგოთ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები