NATO-საქართველო

ზაქარეიშვილი NATO-ში შესვლაზე: შვიდთვიანი არავის უნდა, არც ექვსთვიანი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, თუ NATO საქართველოს ალიანსში "ჩათრევისთვის" პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი შესაბამის ზომებს მიიღებს, რათა ამ პროცესებმა მდგომარეობაზე ნეგატიურად არ იმოქმედოს.

"არაფერ ჩათრევაზე საუბარი არ არის, საქართველოს, ხალხის ნება არის NATO-ში გაწევრიანება. ამიტომ ყველა ის ღონისძიება, რაც ხორციელდება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ეს არის სწორედ თანმიმდევრული, გეგმიური მოძრაობა NATO-ს მიმართულებით. ასე რომ, არავითარ ჩათრევაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. ეს არ არის ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ, ეს არის, პირიქით, ქართველი ხალხის ნების გათვალისწინებით", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ჟურნალისტების კითხვას, რას უპასუხებდა ის რუსეთთან ურთიერთობებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებას, რომ ბრიუსელშიც, მოსკოვშიც და თბილისშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს გაწევრიანება NATO-ში დღის წესრიგში არ დგას, ზაქარეიშვილმა უპასუხა, რომ ამ განცხადებას ეთანხმება.

"ახლა დღეს და ხვალ ნამდვილად არ იქნება, არც დღეს არ იქნება, არც ხვალ არ იქნება, ვეთანხმები ამას, ალბათ ზეგ შეიძლება იყოს. ჩვენ ჯერ მაპიც არ მიგვიღია, მაგალითად, ის სახელმწიფოები, ალბანეთი ან ხორვატია, რვა-ცხრა წელი ჰქონდათ მაპი, მაგალითად, ალბანეთს 12 წელი ჰქონდა მაპი. ჩვენ ჯერ მაპი არ მიგვიღია, ასე რომ, ბუნებრივია, ყველაფერს თავისი პროცედურები აქვს. ჩვენი ნება არის ქართველი ხალხის ნება, ჩვენ მივდივართ, იმიტომ რომ სხვა სივრცეში ვერ წარმომიდგენია მე მაგალითად საქართველო, გარდა NATO-სი და იდგმება სწორედ ეს ნაბიჯები, ყველა სამიტზე პროგრესში.

ბოლო სამიტზე, უელსის სამიტზე მკაფიოდ და ცალსახად ითქვა, რომ ამდენ ხანს თუ ითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ საქართველოსთვის კარი ღიაა და საჭიროა მეტი ნაბიჯები საქართველოს მხრიდან, ბოლო სამიტზე უელსში ითქვა, NATO-მ თავის თავზე აიღო უკვე პასუხისმგებლობა და თქვა, რომ NATO-ს წევრი სახელმწიფოები ყველაფერს გააკეთებენ, რათა საქართველო გახდეს NATO-ს წევრი, ანუ უკვე თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა. ასე რომ, პროგრესი თვალნათელია და, ბუნებრივია, მას სჭირდება მუშაობა, ხანგრძლივი, მაგრამ თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა.

ილია ჭავჭავაძის სიტყვებს გაგახსენებთ "ოთარაანთ ქვრივიდან", რომ პატიოსანი დედაკაცი 9 თვეში შობს ბავშვსო. ანუ შვიდთიანი არავის არ უნდა, არც ხუთთვიანი და ექვსთვიანი, ანუ ყველა მიზანს სჭირდება თავისი დრო. ჩვენ ვართ იმ პროცესში, როცა აუცილებლად მივალთ NATO-სთან", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები