წულუკიანი: სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნით გარკვეული უხერხულობა შეიქმნა

თეა წულუკიანი

ქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დანიშვნამ ორ ქვეყანას შორის რაიმე ტიპის უხერხულობა არ შექმნას, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იმედის ეთერში, გადაცემაში ქრონიკა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის დანიშვნით საქართველოსა და უკრაინას შორის გარკვეული უხერხულობა შეიქმნა.

„ეს უხერხულობა, რაც შეიქმნა საქართველოსა და ურაინას შორის, რათქმაუნდა არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც სასურველი ხელისუფალი აღარ იყო ქართველების უმრავლესობისათვის და არაერთ საქმეზე არის ბრალდებული, სხვა ქვეყანაში არის მაღალჩინოსანი და არამხოლოდ ის ასევე ჩემი წინამორბედიც, როგორც ჩანს მის ცოდნა საჭიროდ მიიჩნია ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამ.  ეს მაგონებს ანდაზას - „ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო“. ეს სუვერენული ქვეყნის გადასაწყვეტია და ამ არჩევანს პატივს ვცემ მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ იმისთვის, რომ ამან არ შექმნას ორ ქვეყანას შორის რაიმე ტიპის უხერხულობა“, - განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, თუ უკრაინის ხელისუფლება უარს განაცხადებს სააკაშვილის და ადეიშვილის ექსტრადირებაზე, ეს პასუხი უარად უნდა მივიღოთ და საქართველო მოვლენების განვითარებას უნდა დაელოდოს.

„ეს ორი რამის ერთობლიობაა, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური საკითხია და ეს არ არის მხოლოდ სამართლებრივი თემა უკვე, იმიტომ, რომ  აღარ არის მხოლოდ წმინდა სამართლებრივი თემა იმ მომენტიდან, რა მომენტიდანაც იქმნება უხერხულობა ორ ქვეყანას შორის. ეს უკვე პოლიტიკური ტიპის უხერხულობაა და ჩვენი ვალია ამის მინიმიზაცია გავაკეთოთ“, - განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

კომენტარები