მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ

სააკაშვილი ჟვანიას საქმეზე: FBI-მ კლინტონი გადააყენა და მე გამიწია ანგარიში?

mikheil saakashvili official/facebook.com

რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზურაბ ჟვანის საქმეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის გარდაცვალება უბედური შემთხვევა იყო.

"ჟვანიას საქმე ყველა რუსი ოლიგარქის საყვარელი საქმე იყო. ჯერ პატარკაციშვილმა შემოაგდო ეს თემა. საქმე არ არსებობს. ეს იყო უბედური შემთხვევა, რომელიც დაემართა ჩემს ერთ-ერთ ყველაზე ახლო მეგობარს, ზურაბ ჟვანიას" განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილმა ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების შესახებ FBI-ს დასკნვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრალდებები, თითქოს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ სააკაშვილის სურვილის მიხედვით დაწერა ანგარიში, უსაფუძვლოა.

"პრეზიდენტ კლინტონის იმპიჩმენტი მოახდინა კონგრესმა FBI-ს დასკვნაზე დაფუძნებით. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ აიღო პრეზიდენტის დნმ-ის სინჯები ცნობილი ქალბატონის კაბიდან, დადო დასკვნა, რომ კლინტონი იტყუებოდა და ამერიკის კონგრესმა გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ კლინტონი უნდა გადამდგარიყო. როგორ ფიქრობთ, FBI-მ კლინტონი, მათი მოქმედი პრეზიდენტი, უფროსი გადააყენა, რაც შემდეგ სასამართლომ არ დააკმაყოფილა და სააკაშვილს გაუწია ანგარიში და ის დაწერა რაც მე მინდოდა?" -აღნიშნა ყოფილა პრეზიდენტმა.

სააკაშვილისვე თქმით, ის არ იყო დაინტერესებული ზურაბ ჟვანიას პირადი ცხოვრებით. მისივე ცნობით, ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ ზურაბ ადეიშვილი საქმის გასაჯაროებას ითხოვდა, თუმცა საქმის მასალები სააკაშვილის გადაწყვეტილებით არ გასაჯაროვებულა. 

" მიმაჩნდა, რომ მისი სახელის გარშემო სპეკულაცია, ეს იყო ცუდი საქართველოს ისტორიის წინაშე, ეს იყო ჩემი პირადი ვალი მის წინაშე. ამაზე ვეკამათებოდი მაშინ ადეიშვილს, ვუთხრათ ყველაფერი საზოგადოებას და თვითონ განსაჯონო. მე ვუთხარი, შენ გგონია, საზოგადოებას გაუხარდება, რომ ყველანაირი თეთრეული გამოვფინოთ? და რა, რას ვეუბნებით ამით საზოგადოებას? რაც ეხება პირად ცხოვრებას, ეს არის პირადი ცხოვრება და უნდა იყოს ხელშეუხებელი ყველა ადამიანის. ამაზე მაქვს საშინელი გართულება. მე მიმაჩნდა, რომ ზედმეტი დეტალების [გამჟღავნება] იქნებოდა ქართული სახელმწიფოს მიმართაც გარკვეული უპატივცემულობა. იქ ვიღაცას თავის ფულის გამო, სიხარბის გამო, ან იმის გამო , რომ შურდა ზურასი და იმის ჩრდილიდან ვერ გამოდიოდა, არ ვიცი ვის რა მოტივაცია ჰქონდა და აქვს. გამოიძიონ, გააკეთონ ექსგუმაცია " - განმარტა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ზურაბ ჟვანია მისი ახლო მეგობარი იყო და სწორედ მან მოიყვანა სააკაშვილი პოლიტიკაში. ყოფილი პრეზიდენტის განმარტებით, ზურაბ ჟვანია საქართველოს ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, რომელმაც ახალი პოლიტიკური კულტურა შექმნა. 

კომენტარები