მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ

სააკაშვილი: უკრაინას იარაღის მიწოდება და სამხედროების გაწვრთნა სჭირდება

radiotavisupleba.ge

ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინას იარაღის მიწოდებასთან ერთად სამხედროების გაწვრთნაც სჭირდება. მისივე თქმით, დასავლეთი სწორედ ისე უნდა ჩაერთოს, როგორც ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირის შესაჩერებლად სხვადასხვა ოპერაციებში ჩაერთვებოდა. 

"მთავარი რაც უნდა ახლა მათ უნდა გააკეთონ, მისცენ ამათ იარაღი, გაუწვრთნან ჯარი. ამერიკელები იწყებენ დასავლეთ უკრაინაში ჯარისკაცების გაწვრთნას და იმედი მაქვს, რომ ამ პროგრამას გაზრდიან. სჭირდებათ სანქციების გამძაფრება... რა თქმა უნდა რუსეთი ამას (მინსკის შეთანხმებას) დაარღვევს, დიდი მასშტაბით ამას როდის დაარღვევს არ ვიცით. შემდეგი დიდი შეტევა როცა იქნება რუსეთისგან, რაც ალბათ იქნება, ეს უკვე უნდა იყოს დასავლეთის ჩართულობა. მე არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ დასავლეთი თავის შეიარაღებულ ძალებს გამოაგზავნის. ევროპაში არცერთ ქვეყანას ჰყავს შეიარღებული ძალები, რომ სადმე გამოაგზავნოს, მაგრამ მათ აქვთ დიდი ეკონომიკური რესურსები, რათა ამ დროს უკრაინის ეკონომიკას დაუდგნენ. მათ აქვთ, ბევრად წინ წასული შეიარაღება და სადაზვერვო რესურსები. ერთი სიტყვით, ჩერთონ ისე, როგორც ჩაერთვებოდნენ ცივი ომის დროს სხვადასხვა ოპერაციებში საბჭოთა კავშირის შესაჩერებლად" - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე ცნობით, უახლოეს დღეებში ის ვაშინგტონში ვიზიტს გეგმავს, სადაც კონგრესმენებთან და სენატორებთან საქართველოსა და უკრაინაზე ისაუბრებს. სააკაშვილის თქმით, 2012 წლის იანვარში მან პრეზიდენტ ობამასთან შეთანხმებას მიაღწია საქართველოსთვის იარაღის მიწოდების საკითხზე, თუმცა ეს შეთანხმება 2012 წლის არჩევნების შემდეგ არ ამოქმედებულა

"უახლოეს დღეებში მე ვაპირებ წავიდე ვაშინგტონში და სხვა უკრაინელ მეგობრებთან ერთად შემოვიარო ჩემი კონგრესმენი და სენატორი მეგობრები. ვაპირებ, რომ რაც მაქვს პოლიტიკური კაპიტალი, ამ წლებში რა ნაცნობებიც დამიგროვდა, ყველაფერი მოვახმაროთ უკრაინას და საქართველოს. ეს ერთი და იგივეა ამ შემთხვევაში. რაც შეეხება იარაღს, საქართველო ბევრად უფრო წინ იყო წასული. 2012 წლის იანვარში მე, მრავალწლიანი დისკუსიების შემდეგ, როდესაც თავიდან უარი გვითხრეს ზუსტად ისე, როგორც აქამდე ეუბნებოდნენ უკრაინელებს, მივაღწიე შეთანხმებას პრეზიდენტ ობამასთან, რომ მათ უნდა მოეცათ ჩვენთვის ძლიერი ანტისარაკეტო, საზღვაო, ანტისატანკო, სახმელეთო და საინჟინრო დაცვის სისტემები. ზაფხულში ამერიკელების სამი ჯგუფი ჩამოვიდა. მათ შეადგინეს ზუსტი გეგმა და 2013 წლის იანვრიდან ამ იარაღის პირველი ნაწილი უნდა წამოსულიყო საქართველოში. მერე რაც მოხდა, მოხდა. მოხდა არჩევნები და 1 ნაბიჯითაც არ წაგვიწევია წინ" - აღნიშნა სააკაშვილმა.

კომენტარები