წარმოება

დამამუშავებელ მრეწველობაში ფასები 7,8%-ით გაიზარდა

independent.co.uk

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ დამამუშავებელ მრეწველობაში 2014 წლის იანვართან შედარებით ფასები 7,8%-ით არის გაზრდილი. 

დამამუშავებელ მრეწველობაში, მეტალურგიულ მრეწველობასა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოებაზე ფასები 7,7%-ით გაიზარდა. გასულ წელთან შედარებით ქაღალდის წარმოების ღირებულება 20%-ით არის გაზრდილი, რაც ადგილობრივი ქაღალდის წარმოების კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება. თამბაქოს წარმოებაში კი ფასები 12%-ით არის გაზრდილი, რაც ძირითადად აქციზის გადასახადის ზრდას უკავშირდება. 

ფასები 6,8%-ით არის გაზრდილი საკვების წარმოებაში. სურსათი მოსახლეობის სავაჭრო კალათის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რის გამოც მასზე ფასების მატება მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირებას იწვევს. 

საქსტატის ინფორმაციით, ზოგიერთ ჯგუფში ფასების კლება შეიმჩნევა. მაგალითად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ენერგომატარებლების ღირებულება არის შემცირებული. ელექტროენერგიის, აირის და წყლის წარმოების და განაწილების ფასები, საქსტატის ცნობით, 6,4%-ით არის შემცირებული.

კომენტარები