ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: რაღაც ვთქვი გიგაურსა და კოჟორიძეზე და მთელ NGO სექტორს დაუკავშირეს

ტაბულა

"მე ვთქვი, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან გვაქვს კითხვები და ნახეთ, როგორი აჟიოტაჟი მოჰყვა", - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ "ექსპერტს დაირქმევენ, არასამთავრობოს თუ პოლიტიკოსს, მოხდება მათი პოზიციების გადამოწმება, ხომ არ ცრუობენ, რამდენად ობიექტურები არიან და ა.შ. თუ გაჩნდა ეჭვი, რომ ზოგიერთი არასამთავრობოს ხელმძღვანელი ცრუობს და ნაციონალური მოძრაობის აგიტაციაშია ჩართული, ჩვენ კითხვებს დავსვამთ".

ბიძინა ივანიშვილის თქმითვე, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს შეუძლია ნაციონალური მოძრაობის წევრი გახდეს, მიიღოს პარტიის აგიტაციაში მონაწილეობა, მაგრამ ეს საჯაროდ უნდა თქვას.

"თუ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნაციონალური მოძრაობისა და რუსთავი 2-ის სიცრუის ფერხულშია ჩაბმული, ჩვენ კითხვებს დავსვამთ. შემდეგ უკვე მათი ნებაა - უნდათ გასცემენ პასუხს, უნდათ - არა. მე სამი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის გვარი დავასახელე და მათი ორგანიზაციების დამფინანსებლებთან ჩვენ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის - იქნება ეს სიდა თუ ამერიკის მთავრობა. თუმცა, როდესაც ჩნდება კითხვა, რომ კონკრეტული არასამთავრობოს ხელმძღვანელის პოზიცია არ ემთხვევა მისი დამფინანსებლის პოზიციას და ის ჩართულია ნაციონალური მოძრაობის ფერხულში, კეთილი ინებონ და გასცენ პასუხი, ან არ გასცენ და მოისმინონ მაინც ეს კრიტიკა", - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

კითხვაზე, "იმ არასამთავრობოების გულშემატკივრებმა, რომლებიც თქვენ გააკრიტიკეთ, შეგახსენეს, რომ 2012 წელს, როდესაც მაშინდელი ხელისუფლება ქართული ოცნების აქტივისტებს ავიწროებდა, ზემოხსენებული ორგანიზაციები მათ უფლებებს კბილებით იცავდნენ", ივანიშვილი პასუხობს, რომ "მადლობა ამისთვის. თუმცა, როდესაც ადრე ვინმეს კბილებით იცავდი, დღეს კი ცრუობ და ამაზე მიგანიშნებენ, ეს ტრაგიკულად არ უნდა აღიქვა".

"გვაქვს შეკითხვები და ამ შეკითხვებს არგუმენტირებულად დავსვამთ. მაგალითად, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ამტკიცებდა, რომ ეკონომიკა იქცევა და კრიმინალი გაიზარდა, ზოგიერთი, რომელიც, წესით, სულ სხვა საქმით უნდა ყოფილიყო დაკავებული, ამ სიცრუეს ამყარებდა. ვიმეორებ - ყველას, ვინც მე დავასახელე, აქვთ უფლება, უყვარდეთ ნაციონალური მოძრაობა. თუმცა, ეს უნდა თქვან პირდაპირ და სასაცილოდ ნუ იხდიან თავს, როდესაც ამბობენ, თითქოს ივანიშვილი არასამთავრობოებზე ზეწოლას ახდენს. რაღაც ვთქვი გიგაურსა და კოჟორიძეზე და ეს მთელ არასამთავრობო სექტორს დაუკავშირეს, როგორ გაბედაო. გავბედე და მომავალშიც გავბედავ. იმავე კითხვებს დავსვამთ პოლიტიკოსებთან და პარტიებთან დაკავშირებით. კეთილი ინებონ და ქვეყნის ინტერესები დააყენონ წინ და თუ ამას ვერ გააკეთებენ, რა თქმა უნდა, გავაკრიტიკებთ", - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები