მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.
13 თებერვლით დათარიღებული პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, შეიქმნება რეფორმების საკითხში მრჩეველთა საერთაშორისო საბჭო - საკონსულტაციო ორგანო, რომლის მთავარი ამოცანაც საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე უკრაინაში რეფორმების გატარების რეკომენდაციების შემუშავებაა.
"ჩვენ დიდ ხანს ვფიქრობდით, თუ როგორ გამოგვეყენებინა ეფექტურად მიხეილ სააკაშვილის ცოდნა, გამოცდილება და უნიკალური ნოუ-ჰაუ. საქართველოში მან შეძლო ეკონომიკის, პოლიტიკისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს რეფორმირება. ის გზა, რომელიც ჩვენ გასულ წელს ღირსების რევოლუციით დავიწყეთ, ჩვენმა მეზობლებმა უკვე გაიარეს და გამოსცადეს. ისინი მზად არიან გაგვიზიარონ გამოცდილება. ბოლო დრომდე მიხეილი რეფორმების საკითხებში ასე ვთქვათ, უშტატო კონსულტანტი იყო და დღეს, როგორც იქნა, მან ოფიციალური სტატუსი მიიღო. მიხეილი იქნება უცხოეთში უკრაინის წარმომადგენელი, ამავდროულად უკრაინაში საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელი. დარწმუნებულები ვართ, რომ სწორედ მას შეუძლია დაალაგოს უკრაინასა და მსოფლიოს შორის ორმხრივი კომუნიკაცია რეფორმების საკითხებში - მოიზიდოს საუკეთესო უცხოური გამოცდილება და ღირსეულად წარადგინოს ჩვენი მუშაობა საზღვრებს გარეთ" - განაცხადა პრეზიდენტმა პოროშენკომ.
თავის მხრივ მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ნდობისთვის და აღნიშნა, რომ უკრაინის საზოგადოება უკეთეს მომავალს იმსახურებს.
"ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ, თუ არ ავაშენებთ ახალ უკრაინას და არ შევასხამთ ხორცს ახალ რეფორმებს. ეს დროში რბოლაა. თუ ახალი უკრაინის იდეა განხორცილედება, მაშინ საქართველო თავისუფალი იქნება. მე მჯერა, რომ უკრაინელი ხალხი ბევრად მეტს იმსახურებს - მეტ თავისუფლებას ეკონომიკურ საქმიანობაში, ხელისუფლების მხრიდან ადამიანობისა და სამართლიანობის მეტ განცდას, მთავრობის ფუნქციონირების ისეთ სისტემას, რომელშიც სამთავრობო ჩინოვნიკების ნაცვლად მენეჯერები იმუშავებენ, ხოლო სახელმწიფო აპარატი, თავის მხრივ, იქნება სერვისი და დაცული იქნება კორუფციასა და უსამართლობისგან" - განაცხადა სააკაშვილმა.
მრჩეველთა საბჭოს წევრებს მისი თავმჯდომარე განსაზღვრავს და ეროვნულ საბჭოსთან ერთად იმუშავებს რეფორმების საკითხებზე. საბჭოს თავმჯდომარე ეროვნული საბჭოს წევრი გახდება. ახალი თანამდებობის დასაკავებლად ექსპრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობის მიღება არ სჭირდება.





