უცხოელებზე მიწის მიყიდვის რეგულაციები

ბერძენიშვილი კომლში შესვლაზე: ვარ ფილოლოგი და არ ვუპასუხებ იურიდიულ კითხვებს

ლევან ბერძენიშვილი
ლევან ხერხეულიძე / ლიბერალი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა, ტაბულას კითხვას, რას გულისხმობს ან როგორ ხდება კომლში შესვლა, რომელიც მთავრობის მიერ უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვასთან დაკავშირებული კანონპროექტით არის გათვალისწინებული, უპასუხა, რომ ის ამ კითხვას ვერ უპასუხებს
 
 
"აქ ვინმე იურისტი გჭირდებათ, მე შემიძლია მარტო ერთი რამ გითხრათ, რომ ევროპაში არ არის არცერთი ქვეყანა, სადაც ეს საკითხები არ იყოს მეტ-ნაკლები სიმკაცრით რეგულირებული და არის ქვეყნები, სადაც უბრალოდ ჩვენზე გაცილებით უფრო მკაცრი წესებია, ჩვენზე უფრო დემოკრატიულ ქვეყნებში. მაგრამ კონკრეტულ ამბავზე მე ვერ გიპასუხებთ, ძირითადი განათლებით მე ვარ ფილოლოგი და არასოდეს არ გავცემ პასუხს იურიდიულ კითხვებზე, იმიტომ რომ მერე მეუბნებიან იურისტები, ცოტა აზრზე მოდიო", - განუცხადა ტაბულას ლევან ბერძენიშვილმა.
 

საქართველოს იუსტიციისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებმა უცხოელებისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენასთან დაკავშირებული რეგულაციები შეიმუშავეს, რაც ითვალისწინებს, რომ "უცხოელ ფიზიკურ პირებს შეეძლებათ, სასოფლო-სამეურნეო მიწაზე საკუთრება შეიძინონ მემკვიდრეობის, საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების ან ქართულ კომლში წევრად შესვლის გზით.

განქორწინების ან კომლიდან გასვლის შემთხვევაში უცხოელს წარმოეშობა ვალდებულება 6 თვის ვადაში გაასხვისოს მიწის ნაკვეთი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მიწის ნაკვეთი ჩამოერთმევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ამასთან ყოფილ მეუღლეს ან კომლის სხვა წევრებს აქვთ მიწის ნაკვეთის უპირატესი შესყიდვის უფლება", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კომენტარები