უცხოელებზე მიწის მიყიდვის რეგულაციები

ხვიჩია: ახალი კომლის წევრის მარეგისტრირებელი ორგანო და პროცედურა არ არსებობს

ტაბულა

იურისტ იაგო ხვიჩიას განცხადებით, დღევანდელი კანონმდებლობით, "კომლში ვერავის ვერ შევიყვანთ". ხვიჩიამ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში მიწის უცხოელზე გასხვისების იმ ახალ რეგულაციებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, უცხოელს ქართული მიწის შესაძენად დაქორწინება ან კომლში შესვლა მოუწევს. მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი რეგულაციები ყველაზე მეტად ეთნიკურად ქართველ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დააზარალებს.

"როცა ვსაუბრობთ უცხოელებზე, ჰგონიათ უცხოელები, როგორც უწოდებენ, ე.წ. ვიღაც გადამთიელები. ამ დროს, ამ უცხოელების ნახევარზე მეტი წარმოადგენენ ეთნიკურად ქართველებს. ისინი არიან საქართველოში დაბადებულები და გაზრდილები, რომლებმაც მიიღეს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა იმიტომ, რომ მოიპოვონ ლუკმა-პური, გამოგზავნონ საქართველოში და ჩადონ ინვესტიცია აქ. ასეთ ხალხზეა ლაპარაკი და პირველ რიგში სწორედ მათ შეეხება ეს რეგულაციები და არა "ქვეყნისთვის საშიშ ხალხს", რასაც მოგვიწოდებენ", - განაცხადა ხვიჩიამ და კომლის დეფინიცია განმარტა.

"რა არის კომლი? ეს არის ოჯახი სოფლად. არ არის არც ფიზიკური და არც იურიდული პირი. კომლზე საუბრისას ვილაპარაკებდი უფრო წარსულში, ვიდრე აწმყოში და გაცილებით ტრაგიკულია, როცა ვლაპარაკობთ მომავალზე. საიდან მოვიდა კომლი? კომლთან დაკავშირებული კანონები ძირითადად რეგულირდებოდა სსრკ-ის დროს მიღებული სამოქალაქო კოდექსით, რომელიც 1997 წლამდე წარატებით ფუნქციონირებდა. იქ იყო მითითებული, როგორ ხდებოდა კომლში შესვლა, მისი გაყოფა და ა.შ. დღევანდელი კანონმდებლობით, ეს მთავარი კანონი გაუქმდა, მაგრამ კომლები დარჩა. გარდამავალ პერიოდში, 2005-2006 წლამდე არსებობდა ე.წ. ზონარგაყრილი წიგნები, რომლებშიც აღირიცხებოდა კომლის წევრების შესახებ ინფორმაცია. 2006 წლის შემდეგ არსად არ გვხვდება ზონარგაყრილი წიგნები, რადგან ნორმატიული აქტით, ისინი გაუქმდა და გადაეცა არქივს. არქივს სჭირდებოდა იმისთვის, რომ საჯარო რეესტრმა განახორციელოს რეგისტრაცია. როგორც საჯარო რეესტრის ყოფილმა თანამშრომელმა, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ახალი კომლთა სიები არ გვხვდება. ამის არანაირი კანონმდებლობა არ არსებობს. დღეს ჩვენ კომლში ვერავის ვერ შევიყვანთ", - განაცხადა ხვიჩიამ და აღნიშნა, რომ კომლი არის მილევადი პროექტი.

"არ გვაქვს არანაირი ნორმატიული მასალა, როგორ უნდა შევქმნათ კომლი. ახალი კომლის წევრის მარეგისტრირებელი ორგანო და პროცედურა არ არსებობს", - ამბობს იურისტი.

იაგო ხვიჩიას განმარტებითვე, კომლის წევრები იყვნენ მშობლები, შვილები, და-ძმა და უახლოსი ნათესავები, ვინც ცხოვრობდა მათთან ერთად.

"თუ უცხოელი ჩამოვიდოდა და მათთან სტუმრად იცხოვრებდა, ვერ გახდებოდა კომლის წევრი. ერთადერთი, თუ უცხოელზე დაქორწინდებოდა და უცხოელი საქართველოში ჩამოვიდოდა საცხოვრებლად, მაგრამ ამ რეგულაციების მიზანი მართლა ქართველი ქალის გათხოვება ხომ არ არის? მიზანია ინვესტიციის შემოტანა. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ უცხოელი მოვიდეს და გითხრათ, "იცით, მე ცოლად მოგიყვანთ, იმიტომ, რომ არარსებულ კომლში მინდა შემოსვლა", - თქვა ხვიჩიამ.

კომენტარები