საქართველოს მოქალაქეობა

სტეპანიანი: რუსეთის მოქალაქეებისთვის ქართული პასპორტების ჩამორთმევა სარისკოა

ტაბულა

არასამთავრობო ორგანიზაცია მრავალეროვანი საქართველოს გამგეობის თავმჯდომარის არნოლდ სტეპანიანის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის და სომხეთის რამდენიმე ათას მოქალაქეს ჩამოართვა. როგორც სტეპანიანმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში თქვა, მიზეზი ორმაგი მოქალაქეობა გახდა, თუმცა, მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობის ეს ნაბიჯი ბევრ რისკს შეიცავს. როგორც სტეპანიანმა აღნიშნა, მაშინ, როდესაც რუსეთმა სამხედრო დოქტრინა განაახლა და დაუმატა პუნქტი, რომლის მიხედვითაც, რუსეთის შეიარაღებული ჯარები სხვა ქვეყანაში მცხოვრებ თავისი მოქალაქეებს დაიცავს, იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება საფრთხის შემცველია.

"მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩამოართვეს რამდენიმე ათას ადამიანს საქართველოს პასპორტები. იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, ეს არის დაახლოებით 6 000 ადამიანი. სამცხე-ჯავახეთში კი, 350 ადამიანს ჩამოართვეს მოქალაქეობა, თუმცა ჩვენ სხვა მონაცემები გვაქვს. როცა ხელისუფლება ასეთ ნაბიჯს დგამს, უნდა იფიქროს, რომ ძალიან ბევრ რისკებს ქმნის ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ტერიტორიაზე", - განაცხადა სტეპანიანმა და აღნიშნა, რომ ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 150 000 ეთნიკურად სომეხი ცხოვრობს.

"შედეგად მივიღეთ ის, რომ იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით რამდენიმე ათასი ადამიანი დარჩა აღშფოთებული, 350 ადამიანი დარჩა საქართველოს მოქალაქეობის გარეშე. როგორც მინიმუმ, გვყავს 350 ადამიანით მეტი რუსეთის ან სხვა ქვეყნის მოქალაქე, ვიდრე ეს იყო ადრე. ბევრ ოჯახს შეექმნა პრობლემა, რადგან უნდა დატოვონ საქართველო 90 დღის შემდეგ. ასევე, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, რატომ მოხდა ეს ახლა, როცა მრავალი წელია ვიცით, რა სიტუაციაც იყო ქვეყანაში. რატომ მოხდა ეს მაშინ, როც რუსეთმა სამხედრო დოქტრინა განაახლა და ერთი პუნქტი დაამატა, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების დასაცავად რუსეთის შეიარაღებული ჯარების და სხვა ძალების გამოყენებას ითვალისწინებს. უცნაურია ამის არგათვალიწინებით ასეთი ტიპის ქმედებები. საინტერესოა ისიც, რომ შევქმენით არაჯანსაღი მდგომარეობა ხელოვნურად. გასაგებია, რომ ხელისუფლების მხრიდან კანონიერი ნაბიჯი იყო, რადგან გამონაკლისების გარდა არ არის ორმაგი მოქალაქეობა, მაგრამ რამდენად პრაგმატული და ეფექტური იყო ეს პოლიტიკურად? როგორ შეიძლება, წაართვა მოქალაქეობა საქართველო-რუსეთის ომის ვეტერანის მეუღლეს? როგორ შეიძლება, 13 წლის ბავშვს არ აძლევდნენ ბინადრობის უფლებას?" - აცხადებს სტეპანიანი.

კომენტარები