პრემიები

გურჯაანის საკრებულოს წევრი: არა, პრემიები ილია მეორის კურთხევით არ არის

გურჯაანის საკრებულოს წევრების, ლევან ხაზიურისა და ზაქარია ქაჩლიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ "პრემია ილია მეორის კურთხევით არის", ტაბულა ქაჩლიშვილს დაუკავშირდა და ჰკითხა, გთავაზობთ საუბრის შიფრს:

ტაბულა: თქვენ განაცხადეთ, რომ პრემიები ილია მეორის კურთხევით არის, როგორ მიიღეთ ეს კურთხევა, ან რას გულისხმობდით?

ქაჩლიშვილი: ტყუილია ეგ!

ტაბულა: არ განგიცხადებიათ?

ქაჩლიშვილი: არა!

ტაბულა: არა? ვიდეოჩანაწერში რომ ამბობთ?

ქაჩლიშვილი: სხვა კონტექსტში ვთქვი, უკვე განმარტებაც მივეცი და საქართველოს მოსახლეობამ გაიგო, ასე რომ, ზედმეტი კითხვებისგან თავი შეიკავეთ

ტაბულა: ანუ პრემიები ილია მეორის კურთხევით არ არის?

ქაჩლიშვილი: არ არის!

გურჯაანის საკრებულომ გუშინ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ დეპუტატებმა ეს ფრაზა იმ ვარაუდით წარმოთქვეს, რომ "არასერიოზულობა გამოცნობილი იქნებოდა". საკრებულომ განაცხადა, რომ ეს დეპუტატებისთვის შეუფერებელი განცხადებაა.

"გვინდა ბოდიში მოვუხადოთ, როგორც ჩვენს კოლეგებს, ასევე მოქალაქეებს გაუგებრობისთვის და განვმარტოთ, რომ დეპუტატის მხრიდან საკრებულოს სხდომაზე რელიგიური საკითხების უადგილო გაჟღერება მიუღებელია, როგორც ჩვენთვის, ასევე საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენლისთვის", – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში საკრებულოს წევრის ლეიბორისტული პარტიიდან, ზურაბ სეფიაშვილის თხოვნას, მიეღო განმარტება, რატომ დაიხარჯა წინასაახალწლოდ მხოლოდ 10 500 ლარი სოციალურად დაუცველთა დასახმარებლად და 193 400 ლარი პრემიებზე, ქართული ოცნებიდან საკრებულოს წევრების აგრესია მოჰყვა: "პრემიების თემით აპელირება არ შეიძლება. პრემიები ძალინ ჩვეულებრივი ამბავია. თვით პატრიარქის მიერ არის ნაკურთხი", – თქვა საკრებულოს წევრმა ლევან ხაზიურმა. "პრემია ილია მეორის კურთხევით არის", – აღნიშნა ზაქარია ქაჩლიშვილმა. აღნიშნულ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

კომენტარები