ზურაბ ჟვანიას საქმე

სუბარი: ენმ ცდილობს, ვაზაგაშვილის საქმის გახსნა ჟვანიას თემით გადაფაროს

სოზარ სუბარი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, "რაც გუშინ ვიხილეთ, ეს იყო ნაციონალური მოძრაობის უბადრუკი და უგვანი მცდელობა, როგორმე გადაფაროს იური ვაზაგაშვილის საქმის გახსნით გამოწვეული მწუხარება და რაღაც სხვა თემა შემოაგდოს საზოგადოებაში". სუბარმა რუსთავი 2-ის გუშინდელ ეთერში ზურაბ ჟვანიას საქმეზე FBI-ს მომზადებული დასკვნის ნაწილის გასაჯაროება შეაფასა.
 
"ძალიან კარგად იციან, ვაზაგაშვილის მკვლელობის კვალი საითაც მიდის და აბსოლუტურად დარწმუნებულები იყვნენ, რომ არ გაიხსნებოდა. ამიტომ იძახდნენ თითქმის სამი კვირის განმავლობაში - ტერაქტი, ტერაქტი, ხელისუფლება ტერაქტებს ვერ ხსნის და ა.შ. ახლა ცდილობენ, რომ ეს თემა, სხვა თემით გადაფარონ. ძალიან სამწუხაროა, როცა გყავს ასეთი ოპოზიცია და კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ეს ოპოზიცია იყო ხელისუფლება, რომელიც 9 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას და ასეთ ტერორში ამყოფებდა. გოგლა ჟვანიამ წუხელ რაც ისაუბრა, ამას ვერაფერს ვეღარ დავამატებთ. არაფერი სიახლე აქ არ ყოფილა, მე მგონი, არც საზოგადოებისთვის. დიდ ბოდიშს ვიხდი ჟურნალისტებთან, განსაკუთრებით რუსთავი 2-თან. ამას ნუ ჩამითვლით ჟურნალისტების მიმართ ცოტა ისეთ დამოკიდებულებაში, მაგრამ ერთადერთი, გამაოგნა წამყვანის მცდელობამ, რომ გადაცემის პირველ ნახევარში როგორმე გაემართლებინა ვაზაგაშვილის მკვლელი. ყველა მისი სიტყვა, ციტატა, მინიშნება ამაზე იყო მიმართული და აწყობილი. მეორე ნახევარში კი, როგორ მოეხდინა ზურაბ ჟვანიას დისკრედიტაცია - მთელი მისი ჩაკითხვები, ჩაზუსტებები და ა.შ. მიმართული იყო ზუსტად, რომ აბა კიდევ, როგორ მოვახდინოთ ამ ადამიანის დისკრედიტაცია. არა მგონია, რომ ეს ღირსეული საქციელი იყოს. ამ საქმესთან დაკავშირებით ჩემთვის აბსოლუტურად ყველაფერი იყო ცნობილი. ვიყავი სახალხო დამცველი და მქონდა ძალიან ბევრ ინფორმაციაზე წვდომა. თუმცა, ველოდებოდი გამოძიებას, თუ რას და როგორ იტყოდნენ. ერთი რამ უნდა ვთქვა - აბსულუტურად არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდა. არ შეიძლება, რომ საქმე დარჩეს გამოუძიებელი და არ შეიძლება საქმე გაყალბდეს, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს. საქმის გაყალბება ყოველთვის იწვევს ეჭვებს. უნდა ვიცოდეთ სიმართლე, საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე და გამყალბებლებმა პასუხი უნდა აგონ. ეს არის ერთადერთი სწორი სახელმწიფოებრივი მიდგომა", - განაცხადა სუბარმა.
 

ცნობისთვის, ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნაში, რომელიც ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის საქმეზე მომზადდა, მითითებულია, რომ გარდაცვლილების დნმ-ის კვალი რამდენიმე განსხვავებული ტიპის ნივთზეა აღმოჩენილი, მათ შორის ხალათებსა და ზეწარზეც. ეს ინფორმაცია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში გასაჯაროვდა. ტელეკომპანიას კონფიდენციალურმა წყარომ FBI-ის დასკვნის დღემდე უცნობი ნაწილი მიაწოდა. დასკვნებში, რომლებიც 2005, 2006 და 2007 წლებით თარიღდება, დეტალურად არის აღწერილი შემთხვევის ადგილი, ყველა ნივთი და ყველა ნივთიერება, რომელიც გამომძიებლებმა ბინაში აღმოაჩინეს. დასკვნაში წერია, რომ ბინაში გაზის გამათბობელი არასწორად იყო დამონტაჟებული.

საქმის ახალ დეტალებზე ზურაბ ჟვანიას ძმამ გოგლა ჟვანიამ ისაუბრა. ის პარლამენტში დეპუტატია ქართული ოცნებიდან. მისი თქმით, ისედაც ცნობილი იყო ფაქტი, რომ შემთხვევის ადგილზე ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვს შორის სქესობრივი აქტის ნიშნები დახვდათ. გოგლა ჟვანია აღნიშნავს, რომ გუშინ გახმაურებულ ინფორმაციაში ახალი არაფერი ყოფილა. თუმცა, მისი მტკიცებით, ეს ინსცენირებული იყო, რადგან მაშინდელ ხელისუფლებას სურდა, საზოგადოებას ეს ვარიანტი დაეჯერებინა. გოგლა ჟვანია მიიჩნევს, რომ "გამოძიება ახლა სწორი გზით მიდის".

ექსპრემიერი ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი 2005 წლის 3 თებერვალს საბურთალოზე ერთ-ერთ ბინაში გარდაცვლილები იპოვეს. გამოძიების თანახმად, ისინი გაზის გამათბობლიდან ნახშირჟანგის გაჟონვის შედეგად მოიწამლნენ. სწორედ აღნიშნულს ადასტურებდა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს თბილისის წარმომადგელობის ხელმძღვანელი ბრაიან პარმანი მას შემდეგ, რაც ბიუროს წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებოდნენ და დასკვნა მოამზადეს.

ჯერ კიდევ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიუროს დასკვნის გამოუქვეყნებლობის მიზეზად ასახელებდა იმას, რომ საქმე "ადამიანის ბევრ ღრმა დეტალს" ეხებოდა. "ჩვენ ეს დასკვნა არ გამოვაქვეყნეთ გასაგები მიზეზების გამო, იმიტომ, რომ საქმე ეხება ადამიანის ბევრ ძალიან ღრმა და ისეთ დეტალს. და ნამდვილად ჩემთვის ზურაბის სახელი იყო წმინდათა წმინდა. თუ ვინმესთვის ეს არ არის ხელშეუხებელი, მათ შორის ვინმე ოჯახის წევრისთვის, ეს მათ სინდისზე იყოს", - ამბობდა სააკაშვილი.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, პროკურატურამ 2012 წლის ნოემბერში აღნიშნული საქმის გამოძიება განაახლა და მას შემდეგ დეტალების დაკონკრეტების გარეშე ამბობდა, რომ გამოძიებაში პროგრესია.

FBI-ის დასკვნას ეჭვქვეშ აყენებდა 2014 წლის მარტში პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მისი თქმით, ბიუროს თანამშრომლები საქართველოში ჟვანიას სიკვდილიდან რამდენიმე დღეში ჩამოვიდნენ და მათ რა მოცემულობაც დაახვედრეს, იმ მასალებზე დაყრდნობით დაიწერა ეს დასკვნაც. 

ნახშირჟანგით ინტოქსიკაციას ასახელებდა გარდაცვალების მიზეზად სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაც. 2014 წლის 20 მარტს მთავარმა პროკურატურამ ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა დააკავა. უწყების ცნობით, გვამების გამოკვლევისას ჩაჩუამ გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა. კერძოდ, პროკურატურის მტკიცებით, მან სრულყოფილად არ აღწერა გვამებზე არსებული დაზიანებები მაშინ, როდესაც გვამებს აშკარად აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ნოემბერში ჩაჩუა 10000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ჩაჩუას დაკავებიდან ერთ დღეში ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის ყოფილი უფროსი მიხეილ ძაძამია სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, პრემიერმინისტრის დაცვას არ შეეძლო, მიეტოვებინა დასაცავი ობიექტი. ამავე მუხლით ბრალი წარედგინა დაცვის ყოფილ უფროსს კობა ხარშილაძესაც, რომელიც დღემდე პატიმრობაში რჩება. ძაძამია 2014 წლის დეკემბერში 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.  

ჩაჩუასა და ძაძამიას დაკავებამდე, 2014 წლის 19 მარტს Youtube-ზე hakim pasha-ს სახელით გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ფოტოკოლაჟი, სათაურით Saakashvili killed Mr. zurab zhvania (სააკაშვილმა მოკლა ბატონი ზურაბ ჟვანია) აიტვირთა. მაშინ პროკურატურამ ტაბულას განუცხადა, რომ კადრები ავთენტური იყო, რადგან ისინი საქმის მასალებში მოიპოვებოდა. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის სექტემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ hakim pasha-ს სახელით გავრცელებული ვიდეომასალა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე მტკიცებულებად დაუშვა.

ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ბრალი კიდევ 2 პირს მიმდინარე წლის 4 თებერვალს წარუდგინა. უწყება ყოფილ მთავარ პროკურორს მამუკა გვარამიას და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილეს როსტომ ლაზარიას გამოძიების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ედავება. დაცვის მხარის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ გვარამია და ლაზარია 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

კომენტარები