ზურაბ ჟვანიას საქმე

ბასილაია: ჟვანიას დაცვის წევრები დეტალებს მისი ღირსების დასაცავად მალავდნენ

ჟვანიას დაცვის უფროსის, კობა ხარშილაძის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, ჟვანიას დაცვის წევრები უდანაშაულოები არიან და ისინი საქმის დეტალებს ყოფილი პრემიერის ღირსების დაცვის მიზნით არ ასაჯაროვებდნენ. მისივე თქმით, საქმეში კრიმინალის რაიმე ფორმით არსებობა არ დასტურდება. ამის შესახებ ბასილაიამ გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

„კობა ხარშილაძე არ იყო ზურაბ ჟვანიას მხოლოდ დაცვის უფროსი. ის 1990-იანი წლებიდან იყო მისი თანამებრძოლი და ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი და ეს კარგად იცის ჟვანიას ძმამ და ოჯახმა. ისიც არ არის შემთხვევითი, რომ ჟვანიას სწორედ ის ჰყავდა დაცვის უფროსად, რადგან უსაზღვრო ნდობა ჰქონდა მის მიმართ. სწორედ იმ პირადი დეტალების იგნორირებით, რომლებსაც კობა ხარშილაძე და ზურაბ ძაძამია ზურაბ ჟვანიას ღირსების დასაცავად ინახავდნენ,  პროკურატურა ცდილობს, რომ მათ დაუმტკიცოს დანაშაული, თითქოს ისინი გულგრილად მოიქცნენ, რომ ფლობენ ინფორმაციას მკვლელობის შემკვეთების თაობაზე და ა.შ. ეს სრული ბლეფია. საქმეში კრიმინალის რაიმე ფორმით არსებობა არ დასტურდება. ეს არის განტევების ვაცის პოვნა და მორიგი პიარი საიმისოდ, რომ ორი წლის მანძილზე მთელი ეს დაპირებები, რომ საქმე ეტაპობრივად იხსნება, გაამართლონ," - ამბობს ბექა ბასილაია.

ბასილაია უარყოფს გოგლა ჟვანიას ვერსიას, რომლის მიხედვით, ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გარდაცვალების ადგილას „დადგმული იყო სცენა, რომ ამ ორ ადამიანს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ურთიერთობა ჰქონდა“.

"12 საათზე შედიან ერთად, 3 საათზე პოულობენ ერთად გარდაცვლილებს. მე ნუ დამარქმევინებთ სახელს ნურაფერზე. ამასთან დაკავშირებით კობა ხარშილაძე და მიხეილ ძაძამია თავიანთ სასამართლოს პროცესზე ისაუბრობენ. მეორეც, თუ ეს იყო ინსცენირებული, რა უშლის პროკურატურას ხელს, რომ FBI-ის დასკვნა გამოაქვეყნონ და მე არ მასაუბრონ, თუ ტყუილს ვამბობ? მაგრამ ეს არის იმ სიცრუის გაგრძელება, რაზეც მთელი ეს წლები მიდიოდა საუბარი", - ამბობს ბექა ბასილაია.

კომენტარები