ზურაბ ჟვანიას საქმე

ზოდელავა: ჟვანიას საქმეზე FBI-ის დასკვნა ოჯახის თხოვნით არ გაასაჯაროვეს

ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავას თქმით, ის ფაქტი, რომ ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის დნმ-ის კვალი რამდენიმე  სხვადასხვა ტიპის საგანზე, მათ შორის, ხალათებსა და ზეწარზეც აღმოჩნდა, იმაზე მიუთითებს, რომ ამ ადგილას ეს ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში და არაერთხელ იმყოფებოდნენ.

„ის, რომ დნმ-ს კვალი ამდენ ადგილას არის აღმოჩენილი, იმაზე მეტყველებს, რომ ეს სივრცე იყო არაერთხელ გამოყენებული და დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ეს ორი პირი აქ. ეს არ იყო ადგილი, სადაც ისინი ერთხელ იყვნენ ნამყოფები... დნმ-ის ანალიზისთვის საჭირო ნიმუშის აღება ხდება სხვადასხვა ორგანოებიდან, სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან. ეს შეიძლება იყოს ოფლი, სისხლი, ნერწყვი, სპერმა, რომელიც უფრო რთული მოსაპოვებელია გარდაცვალების შემდეგ სხეულიდან, მაგრამ სხვა ადგილებიდან შესაძლებელია, თუ ეს ბუნებაში არსებობს“, - თქვა ზოდელავამ გადაცემა არჩევანში.

მისივე თქმით, ის, რომ დნმ-ის ნიმუშები გააყალბეს, დიდი მითის ნაწილია, რომელიც გარკვეულმა ძალებმა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს. ზოდელავას აზრით, ნიმუშები მართლაც რომ გაეყალბებინათ, ამას აუცილებლად მიაკვლევდნენ FBI-ს ლაბორატორიაში და, შესაბამისად, ეს მათ დასკვნაშიც აისახებოდა.

„ის, რომ რაღაც ტიპის გაყალბებები მოხდა, ეს არის დღევანდელი ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი პროკურატურის ერთ-ერთი ვერსია. თუმცა, ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს არის დიდი მითის ნაწილი. ეს იყო მითი, რომელიც პოლიტიკურმა ძალებმა გამოიყენეს, რათა გარკვეული დივიდენდები მიეღოთ, მაგრამ, სინამდვილე სხვა არის, რომელიც, როგორც ჩანს, ამ ეტაპზეც არ აწყობთ, რომ იყოს გამჟღავნებული. FBI-ს გააჩნია მსოფლიოში საუკეთესო ლაბორატორია და, შესაბამისად, საშუალებები, რომ გამოავლინოს მათ შორის გაყალბების მომენტები, ნიმუშის ხელოვნურად დატანის მომენტები და ა.შ.“, - ამბობს ზოდელავა.

მურთაზ ზოდელავასვე თქმით, FBI-ის დასკვნა თავის დროზე იმიტომ არ გასაჯაროვდა, რომ ეს პირადი ცხოვრების გარკვეულ დეტალებს გამოკვეთდა. მისივე თქმით, ეს ჟვანიას ოჯახის თხოვნით და სამართლებრივი ნორმების დაცვით მოხდა.

„FBI-ის დასკვნა, ისევე როგორც სხვა დოკუმენტები გასაიდუმლოებულ იქნა იმის გამო, რომ არ მომხდარიყო ამ საქმის იმ ნაწილის გასაჯაროება, რომელიც პირადი ცხოვრების გარკვეულ დეტალებს გამოკვეთდა. ეს, ცხადია, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რადგან ქვეყნის მეორე პირს ეხებოდა. თუმცა, სამართლებრივ ნორმებს არ ეწინააღმდეგებოდა. ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ ეს თხოვნა ოჯახისგან მოდიოდა. საქმის ის ნაწილი, რომელსაც საიდუუმლო გრიფი მიენიჭა, ოჯახისთვის აბსოლუტურად ღია იყო. ოჯახი ამ საქმის ყველა დეტალს იცნობს“, - თქვა ზოდელავამ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის საქმეზე მომზადებული დასკვნის დღემდე გასაიდუმლოებული ნაწილები რუსთავი 2-ს კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა. დასკვნაში დნმ-ის კვალის შესახებ აქამდე უცნობი მასალის გარდა ისიც არის დაფიქსირებული, რომ ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალნენ, რაც გამოიწვია გაუმართავმა გამათბობელმა.

კომენტარები