თეორემა

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე

გუშინ გვაცნობეს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე გახსნილია, ხოლო "მკვლელი" (სტილი დაცულია) - მოქმედი პოლიციელი, გია სოსანაშვილი - დაკავებული. სოსანაშვილი ვაზაგაშვილის მსგავსად კასპელია. ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. საგულისხმოა, რომ პროკურატურისთვის უცნობია რა არის მკვლელობის მოტივი. როგორც გვითხრეს, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს.

პროკურატურის მტკიცებით სოსანაშვილზე დნმ-ის ანალიზის შედეგად გავიდნენ. როგორც მთავარი პროკურორის მოადგილე, ბ-ნი შოთაძე ირწმუნება ბრალდებულმა "ფალიის სახელურზე" დატოვა კვალი, რომელიც აფეთქებამდე რამდენიმე წამით ადრე ძვრება ხელყუმბარას და განზე ვარდება. აღსანიშნავია, რომ იმ ნაწილს, რომელიც აფეთქებამდე რამდენიმე წამით ადრე ძვრება ხელყუმბარას დამცავი ბერკეტი ჰქვია ყველა ენაზე და არა "ფალიის სახელური". თუმცა პროკურატურის მიმართ ტერმინების არასწორ გამოყენებაზე უფრო მნიშვნელოვანი პრეტენზიებიც გაჩნდა - უწყებას უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ედავებიან. იურისტთა დიდი ნაწილი ამტკიცებს, რომ სოსანაშვილის მკვლელად მოხსენიებით პროკურატურამ მისი ფუნდამენტური უფლება დაარღვია და დასტურად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მოყავს.

კიდევ ერთი ტენდენცია გამოიკვეთა, რაც ვაზაგაშვილის მკვლელობის ირაკლი ფირცხალავასთან დაკავშირებას ეხება. მთავარი პროკურორის მოადგილემ, ბატონმა შოთაძემ გვითხრა, რომ შესაძლოა იური ვაზაგაშვილის აფეთქება კორტების სპეცოპერაციის გამოძიებას უკავშირდებოდეს. ხოლო თავად ვაზაგაშვილის ახლობლები, მათ შორის ოჯახის ადვოკატი ირმა ჭკადუა ირწმუნება, რომ სოსანაშვილი ფირცხალავას გარემოცვის წევრი იყო და იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შემკვეთის გამოაშკარავების იმედი აქვს.

სტუმრები: სოსო ჯოგლიძე, დავით ხაჟალია, გიორგი მშვენიერაძე.

კომენტარები