თეორემა

პრემიერის შეცვლილი აქცენტები - მიუნხენის კონფერენცია

უკანასკნელ დღეებში უკვე მეორედ, პრემიერ ღარიბაშვილს იმ ბრძენი კაცის, ბატონი ბიძინას სიტყვის წინააღმდეგ წასვლა უხდება. ახლო მომავალი გვიჩვენებს თუ რამ გამოიწვია ეს - იშვიათი რიტორიკული უნარებით დაჯილდოებული ორი ქართველი პოლიტიკოსის თვითგამოხატვის თავისებურებებმა, თუ მოქმედ და წინა პრემიერს შორის ჯერ-ჯერობით ძნელად შესამჩნევმა, მაგრამ მზარდმა გაუცხოებამ და დაპირისპირებამ.

მაშინ, როცა ივანიშვილი ქართული ოცნების მმართველობის მესამე წელს გვპირდებოდა, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკეთესობას საკუთარ თავსა და ჯიბეზე იგრძნობდა, მისმა მემკვიდრემ სულ ცოტა ხნის წინ გვამცნო, რომ ეს წელი არცთუ დალხენილი იქნება. თანაც ეს განცხადება ღარიბაშვილმა იმედის ეთერში გასული თავისი წინამორბედის ინტერვიუს მეორე დღეს გააკეთა, იმ ინტერვიუსი, სადაც საქართველოს უმდიდრესმა მოქალაქემ დაგვმოძღვრა, რომ თურმე ლარის გაუფასურება ხალხს ტვირთად არ აწევს და თუ ვინმეს რამე პრობლემა ექმნება, ბანკირი კონსულტანტები უნდა დაიქირავოს.

მეორედ ივანიშვილისა ღარიბაშვილის პოზიციები ერთმანეთს ახლახან, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მოქმედი პრემიერის გამოსვლისას აცდა. კარგად გვახსოვს, ივანიშვილის ბრალდებები წინა ხელისუფლების მისამართით, 2008 წლის აგვისტოში საომარი მოქმედებების დაწყების გამო - "რაღაც გაუგებარი ბანდფორმირებები ისროდნენ სამი დღის განმავლობაში ქართული სოფლების მიმართულებით. არავინ ჯერ არ იყო მოკლული, მხოლოდ ერთ სახლში შევარდა ნამსხვრევი."

თუ კი ივანიშვილი სააკაშვილს ტრივიალურ ინციდენტზე გადამეტებულ რეაქციაში ადანაშაულებდა, მიუნხენში გამოსვლისას ღარიბაშვილმა საერთაშორისო საზოგადოება გააკრიტიკა აგვისტოს ომზე არასაკმარისი რეაგირების გამო.

უფრო მეტიც, თუ კი აქამდე თავად ღარიბაშვილიც კატეგორიულად უარყოფდა უკრაინასა და საქართველოს შორის რაიმე პარალელს, მიუნხენის სიტყვაში მან უკრაინის წინაღმდეგ რუსეთის აგრესიის მიზეზად 2008 წლის ომის გამო მისი დაუსჯელობა დაასახელა, თანაც გაიხსენა, რომ აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონფლიქტი არა 2008 წელს, არამედ 22 წლის წინ დაიწყო.

სამწუხაროდ, პრემიერმა ისტორიის საკმარისი ცოდნა ვერ გამოავლინა, როცა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე კოსაჩოვმა განაცხადა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არ უნდა იყოს საქართველოს შემადგენლობაში რადგანაც ისინი „საქართველოს სტალინმა აჩუქა." ღარიბაშვილმა არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო საზოგადოებისათვის აეხსნა, რომ ორივე რეგიონი შედიოდა რუსეთის მიერვე აღიარებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრებში, რომელიც მანვე 1921 წელს სამხედრო აგრესიის გზით დაიპყრო. უფრო მეტიც, საბჭოთა პერიოდშიც ორივე რეგიონი ყოველთვის იყო საქართველოს სსრ-ს ავტონომიური, მაგრამ განუყოფელი ნაწილი.

მიუნხენის კონფერენცია, პრემიერის შეცვლილი აქცენტები და ცივი ომის ზღვარზე მყოფი მსოფლიოა თეორემას დისკუსიის თემა.

სტუმრები: სერგი კაპანაძე, მამუკა კუდავა, პაატა გაფრინდაშვილი, ბათუ ქუთელია, კორნელი კაკაჩია.

კომენტარები