პრემიები

გურჯაანში საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან: პრემიები პატრიარქმა აკურთხა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში საკრებულოს წევრის ლეიბორისტული პარტიიდან, ზურაბ სეფიაშვილის თხოვნას, მიეღო განმარტება, რატომ დაიხარჯა წინასაახალწლოდ მხოლოდ 10 500 ლარი სოციალურად დაუცველთა დასახმარებლად და 193 400 ლარი პრემიებზე, ქართული ოცნებიდან საკრებულოს წევრების აგრესია მოჰყვა: "პრემიების თემით აპელირება არ შეიძლება. პრემიები ძალინ ჩვეულებრივი ამბავია. თვით პატრიარქის მიერ არის ნაკურთხი", – თქვა საკრებულოს წევრმა ლევან ხაზიურმა. "პრემია ილია მეორის კურთხევით არის", – აღნიშნა ზაქარია ქაჩლიშვილმა. აღნიშნულ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

"მე მქონდა ინიციატივა, რომ პრემიებისთვის გათვალისწინებული თანხა მიგვემართა სოციალურად დაუცველების დასახმარებლად. ამათ ჩემი წინადადების იგნორირება მოახდინეს. 10 500 ლარი გახარჯეს სოციალურად დაუცველებისთვის და 193 400 გაიწერეს პრემიები. რა გამოდის? ესენი საკუთარ ოჯახებზე და კეთილდღეობაზე 18 - ჯერ მეტად ზრუნავენ, ვიდრე სოციალურად დაუცველებზე", - განაცხადა გურჯაანის საკრებულოს წევრმა ზურაბ სეფიაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრმა "ქართული ოცნებიდან", სოციალურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელმა ზაქარია ქაჩლიშვილმა ზურაბ სეფიაშვილს შეურაცხყოფაც მიაყენა.

"თქვენ მიდიხართ თბილისში, ტაქსაობთ, ფულს აკეთებთ, ჩამოდიხართ და აქ ვიღაცეებს ბრალს უყენებ. მე ვიცი შენ ფულს ვინც გიხდიან. დეპუტატებს ფულს ართმევ, იდებ ჯიბეში უნამუსოდ და აქ ბრალ სდებ პატიოსან ხალხს",-მიმართა საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქაჩლიშვილმა ლეიბორისტული პარტიის სიით საკრებულოში გასულ წევრს.

კომენტარები