მაუწყებლობის შესახებ კანონი

ბოკერია: ხელისუფლება დამოუკიდებელ მედიას და კონკრეტულად რუსთავი 2-ს უტევს

გიგა ბოკერია
ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლება დამოუკიდებელ მედიას და კონკრეტულად რუსთავი 2-ს მიზანმიმართულად უტევს. ამის შესახებ ბოკერიამ მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას თქვა. 

"ეს არის ფრონტალური შეტევა ყველა იმ მედიასაშუალებაზე თუ სერიოზული სიმძიმის ცენტრზე საზოგადოებაში, რომელიც მათ პრობლემას უქმნის, ანუ აკრიტიკებს და არის დამოუკიდებელი ხმა. რუსთავი 2 არის წამყვანი მათ შორის. მეორეს მხრივ, ეს არის კიდევ ერთი დადასტურება ღრმა არაკომპეტენტურობის, მთელი ამ გუნდის ივანიშვილით დაწყებული. ერთი, ისინი იღებენ კანონს, რომელიც პირდაპირ მიმართულია რუსთავი 2-ის წინააღმდეგ და ამას ისინი არც მალავდნენ საპარლამენტო დისკუსიების დროს, რომ შინაარსი არ მოსწონთ არხის და ამიტომ იღებენ ამ კანონს. ამ ნაბიჯებით ისინი აზიანებენ არა მხოლოდ რუსთავი 2-ს, აზიანებენ მთელ ქართულ ეკონომიკას. იყენებენ ევროკავშირს, იმიზეზებენ და ცრუობენ, როცა ამბობენ, რომ ამას აკეთებენ ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით. ბოლოს, სხვა ინსტრუმენტების ჩართვაც გადაწყვიტეს ამ განცხადებაზე დაყრდნობით, ანუ კონტროლის პალატის მოხსენება, სრულიად არაკომპეტენტური", - განაცხადა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ "ეს არის გაგრძელება ძველი და ძალიან საზიანო ამბისა ჩვენი ქვეყნისთვის, გვყავს მთავრობა, რომლის ლიდერი და რომლის გუნდიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა შეიყვანოს კიდევ უფრო ღრმა კრიზისში, ქვეყანა მიიყვანოს უფსკრულის პირას ეკონომიკურად და პოლიტიკურად. სწორედ ამიტომ, ამ ყველაფერს დემოკრატიული გზით უნდა დავუსვათ წერტილი რაც შეიძლება მალე".

კომენტარები