კრიზისი უკრაინაში

პუტინი უკრაინას სეპარატისტებთან პირისპირ მოლაპარაკებას ურჩევს

ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ხელისუფლებას პირობები წაუყენა. რუსეთის პრეზიდენტმა ეგვიპტურ გამოცემა ალ აჰრამისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კიევის მიერ არჩეული გზა კატასტროფის მომტანი იქნება და უკრაინის ხელისუფლებამ სამხედრო ოპერაცია უნდა შეწყვიტოს. პუტინის განცხადებით, კიევმა ქვეყნის საკონსტიტუციო მოწყობის ახალი ფორმულა უნდა შეიმუშაოს. რუსეთის ლიდერმა უკრაინის ხელისუფლებას სეპარატისტებთან პირდაპირი მოლაპარაკების დაწყება ურჩია.

დღეს ბერლინში ე. წ. ნორმანდიის ოთხეულის საგარეო უწყებების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართება, რომელზეც 11 თებერვლისთვის ნორმანდიის ოთხეულის სამიტზე განსახილველი საკითხები მომზადდება. უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთის პრეზიდენტები, ასევე გერმანიის კანცლერი მინსკის სამშვიდობო გეგმას განიხილავენ. გუშინ ეს საკითხი ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს. ფრანსუა ოლანდის განცხადებით, გეგმა დემილიტარიზებული ზონის შექმნას ითვალისწინებს. კიევის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეგიონში სამშვიდობო ძალების შეყვანას არ დათანხმდებიან.

"შედგა სატელეფონო საუბარი ნორმანდიის ფორმატის ფარგლებში. შეთავაზებული წინადადებები საგნობრივად იყო განხილული. გაცემულია აუცილებელი დავალებები იმისთვის, რომ უახლოეს დღეებში მოვიწვიოთ სამიტი ნორმანდიის ფორმატში, რომელზეც, იმედია, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

უკრაინის კრიზისის მოგვარების საკითხსა და ახალ სამშვიდობო გეგმაზე გერმანიის კანცლერი ამერიკის პრეზიდენტთანაც იმსჯელებს. ანგელა მერკელი ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც ბარაკ ობამასთან ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებსაც განიხილავს. ცნობილია, რომ გერმანიის კანცლერი არ ემხრობა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების გეგმას, რომელიც ამჟამად ამერიკის ადმინისტრაციაში განიხილება.

ამასთან, დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას აპირებენ. დიპლომატების ცნობით, პერსონალური სანქციების სიაში კიდევ 19 რუსეთის მოქალაქე შევა, შეზღუდვები ასევე 9 იურიდიულ პირს დაუწესდება.

პოზიციური ბრძოლები გრძელდება ქალაქ დებალცევოს გარშემო. სეპარატისტები უკრაინელ სამხედროებზე შეტევებს განაგრძობენ. სამხედროებმა საარტილერიო ცეცხლით დიდი რაოდენობით მოწინააღმდეგის ტექნიკა გაანადგურეს. კონტრშეტევის შედეგად უკრაინელმა მებრძოლებმა სეპარატისტებისგან სოფელი ჩერნუხინო გაათავისუფლეს. დონეცკის ოლქში დღეიდან სეპარატისტებმა მოხალისეთა მობილიზაცია გამოაცხადეს. რუსეთიდან მათ დასახმარებლად ტექნიკა და ცოცხალი ძალა შედის.

დონეცკში კი, ღამით დიდი სიმძლავრის აფეთქება მოხდა. აფეთქების ტალღამ მინები რამდენიმე კილომეტრის რადიუსში ჩაამსხვრია. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ქიმიურ ქარხანაში მოხდა, სადაც სეპარატისტებს საბრძოლო მასალების საწყობი ჰქონდათ განთავსებული. მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

კომენტარები