იური ვაზაგაშვილის საქმე

გია სოსანაშვილის დაცვის მხარე ალტერნატიულ ექსპერტიზას მოითხოვს

რუსთავი 2

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს გია სოსანაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მას დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავებიან. ადვოკატ სოსო ჯოგლიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს.

ადვოკატი სოფელ ყარაფილაში აფეთქების ადგილას დნმ-ის აღმოჩენის შესახებ პროკურატურის განცხადებას ეჭვით უყურებს და ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს. 

"წარუდგინეს ბრალი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, რა თქმა უნდა, არ ცნობს თავს დამნაშავედ. იმ დღისათვის, როდესაც მოხდა აღნიშნული დანაშაული, ის არ იმყოფებოდა გავლითაც კი აღნიშნულ ტერიტორიაზე. ის იმყოფებოდა კასპში. ის ფირცხალავას კი არა, რამდენიმე სხვა პოლიციელსაც დაუკავშირდა, მაგრამ იქიდან რამდენიმემ არ უპასუხა. ალტერნატიული ექსპერტიზა ერთ-ერთი საშუალებაა, რომ გავაბათილოთ ის ბრალდება, რაც დღეს სახელმწიფო ბრალდებას გააჩნია", - განაცხადა ადვოკატმა.

სავარაუდოდ, დღეს გამოძიება სასამართლოს სოსანაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართავს.

კომენტარები