იური ვაზაგაშვილის საქმე

შოთაძე: სოსანაშვილის ალიბი არის თითიდან გამოწოვილი

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, გიორგი სოსანაშვილის ადვოკატის განცხადებას, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აფეთქების დროს მეგობრებთან ერთად, ერთ-ერთ სასადილოში იმყოფებოდა, ტელეკომპანია იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში, მთავარი პროკურორის მოადგილემ, ირაკლი შოთაძემ უპასუხა. შოთაძის თქმით, ეს ალიბი დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე აბსურდულია.

"ალიბს რაც შეეხება, დეტალებში ჩასვლა სხვაგან წაგვიყვანს, მაგრამ იმის მტკიცება, რომ აფეთქების დროს ვინმე სასადილოში იჯდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანმა რამდენიმე საათით ადრე ასაფეთქებელი მოწყობილობა დადო სადღაც.

სწორედ ეს არის ამ დანაშაულის სპეციფიკა, რომ ამფეთქებელი არ არის საჭირო აფეთქების დროს შემთხვევის ადგილას იმყოფებოდეს. ეს ალიბი არის თითიდან გამოწოვილი და რა თქმა უნდა ამაზე სერიოზულად საუბარი არ შეიძლება", - განაცხადა მთავარი პროკურორის მოადგილემ, ირაკლი შოთაძემ.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, სოსანაშვილს აქვს ალიბი, რომლითაც დასტურდება რომ ის არ მონაწილეობდა ვაზაგაშვილის აფეთქებაში.

"როდესაც მოხდა დანაშაული, გიორგი სოსანაშვილი კასპში, მეგობართან ერთად, ერთ-ერთ სასადილოში იმყოფებოდა, სადაც სატელეფონო ზარით მისთვის გახდა ცნობილი, რომ იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე აუფეთქებიათ. მომხადრში ჩემი დაცვის მყოფს არანაირი წვლილი არ მიუძღვის. იგი სავსებით უდანაშაულოა. ჩემი ალიბი არის ის, რომ აღნიშნულ ადგილზე სოფელში, სადაც დანაშაული მოხდა, ის ორი-სამი თვე ჩასული არ ყოფილა.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მისი ახლობლის დედის გასვენებაში ჩავიდა, მას თან პატრულის ორი თანამშრომელი ახლდა, აქედან გამომდინარე ის ორი პატრულიც დაიკითხება, რომლებიც დაადასტურებენ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი მაშინ სახლში იმყოფებოდა. ეს არის 19 იანვარი. ნათლისღების დღესასწაულის მილოცვა იყო საფუძველი გამოძიების დაწყებისა, როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა გადაურეკა მის ნაცნობს, ირაკლი ფირცხალავას, მაგრამ ფირცხალავას არ უპასუხია. 20-ში დილით განხორციელდა ზარი ირაკლი ფირცხალავასგან და მოიკითხა, თუ ვინ კითხულობდა მას. მისგანაც იყო მილოცვის ტექსტი. სხვა საუბარი არ იყო", - განაცხადა სოსო ჯონგლიძემ.

კომენტარები