საქართველოს პარლამენტი

ქართველი დეპუტატები ისევ დამარცხდნენ

საპარლამენტთაშოსისო საფეხბურთო ტურნირი
parliament.ge

თურქეთის ქალაქ ანტალიაში საპარლამენტთაშორისო საფეხბურთო ტურნირზე საქართველოს გუნდმა მეორე, ბოლო თამაში გამართა. მინი ფეხბურთის ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის საქართველოს და პოლონეთის საპარლამენტო გუნდებმა იბრძოლეს და როგორც პარლამენტის პრესცენტრი წერს "სანახაობრივად დაძაბულ თამაშში ქართველი კანონმდებლები პოლონელ კოლეგებთან ანგარიშით 3:2 დამარცხდნენ".

პრესცენტრისვე ცნობით მატჩის შემდეგ ქართველმა დეპუტატებმა პოლონელ მეგობრებს მოპოვებული გამარჯვება მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს. საქართველოს გუნდიდან გოლები ზურაბ ზვიადაურმა და დავით ლორთქიფანიძემ გაიტანეს. თამაშის დასრულების შემდეგ ქართველმა დეპუტატებმა დღევანდელი მატჩი შეაფასეს და აღნიშნეს, რომ მიუხედავად დამარცხებისა, საფეხბურთო მატჩი მეგობრულ და ღირსეულ გარემოში ჩატარდა.

"უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ იუმორით აღნიშნა, რომ საქართველოს გუნდმა პოლონელ კოლეგებს საფეხბურთო მატჩი ანგარიშით ერთგვარად მადლობა გადაუხადეს პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა.

საპარლამენტთაშორისო საფეხბურთო ტურნირის გამარჯვება კი უნგრეთის გუნდმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში მასპინძელი გუნდი 1:0 დაამარცხა. ტურნირის დასრულების შემდეგ მისმა მონაწილეებმა - თურქეთის, საქართველოს, უნგრეთის და პოლონეთის საპარლამენტო გუნდებმა ერთობლივი სურათები გადაიღეს. ჩემპიონატის ორგანიზატორებმა კი ტურნირში მონაწილეები შესაბამისი თასებით დააჯილდოვეს.

მინი ფეხბურთის საპარლამენთტაშორისო ტურნირი ანტალიაში 7-8 თებერვალს გაიმართა. თურქეთის რესპუბლიკაში საფეხბურთო ჩემპიონატი 2002 წლიდან ტარდება და მასში პერიოდულად სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებელთა გუნდი მონაწილეობას, წლევანდელ შეჯიბრში კი ქართულმა მხარემ პირველად მიიღო მონაწილეობა. მსგავსი სპორტულ ღონისძიებებით სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის წევრებს უფრო მეტად დაახლოების და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების საშუალება ეძლევათ", - წერს პრესსამსახური.

საქართველოს დელეგაცია თურქეთში 13 კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა. მოთამაშეთა შორის 11 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელია, ხოლო ორი თავისუფალი დემოკრატი. ენმ-ს წარმომადგენლებმა ტურნირში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

კომენტარები