იური ვაზაგაშვილის საქმე

პროკურატურა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის მოტივზე ამ ეტაპზე არ საუბრობს

საქართველოს მთავარი პროკურატურა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის მოტივზე ამ ეტაპზე არ საუბრობს. უწყების განცხადებით, „მკვლელობის ჩამდენი პირი დაკავებულია“, თუმცა მოტივთან დაკავშირებით ბევრი ვერსია არსებობს. პროკურორის მოადგილე აცხადებს, რომ მუშაობენ ყველა ვერსიაზე, მათ შორის „ერთ-ერთი ვერსია არის, რომ ეს აფეთქება მოხდა ზურა ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით“.

„რაც შეეხება მოტივს, ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ ვისაუბრებ. გამოძიება გრძელდება. მოტივთან და ამ პიროვნების ქმედებასთან დაკავშირებით არსებობს მთელი რიგი ვერსიები, მაგრამ ამ შემთხვევაშიც საზოგადოებას, როგორც აქამდე იჩენდა მოთმინებას, ვთხოვ გამოიჩინოს მოთმინება, რომ გამოძიებამ შეძლოს იმ კითხვებს გასცეს პასუხი, რაც არსებობს საზოგადოებაში“ - განაცხადა მთავარი პროკურორის მოადგილემ დღევანდელ ბრიფინგზე.

ირაკლი შოთაძე არ საუბრობს მკვლელობის დამკვეთზეც. მისი თქმით, ამაზე საგამოძიებო ჯგუფი ახლაც მუშაობს.

„გამოძიება გრძელდება. ამ ეტაპზე დაკავებულია ამფეთქებელი, ანუ ის პიროვნება, ამსრულებელი, რომელმაც უშუალოდ დადო ხელყუმბარა და რომლის აფეთქების შედეგადაც მოკლულ იქნა იური ვაზაგაშვილი. შესაბამისად, ამ ეტაპზე მე დამკვეთებზე ვერ ვისაუბრებ. არსებობს ვერსიები, რომლებზეც საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს. ეხლაც მუშაობს, ამ წამსაც მუშაობს და რა თქმა უნდა, შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში ჩვენ ამის შესახებ აუცილებლად ვაცნობებთ საზოგადოებას“ - განაცხადა შოთაძემ.

მისივე თქმით, „ამ ეტაპზე დაკავებული ბრალს არ აღიარებს“. თუმცა შოთაძე განმარტავს, რომ დნმ-ის კვალი მყარი მტკიცებულებაა და ამის საეჭვოდ და სადავოდ გახდა მეცნიერულად შეუძლებელია. მისი ინფორმაციით, დაკავება გუშინ მოხდა და დაკავებული თავის მოვალეობას ასრულებდა, ის იყო პოლიციის რიგითი თანამშრომელი წალკის რაიონში.

ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა დაკავებული პოლიციელი „სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ წევრი, შოთაძე პასუხობს, რომ არ არის, რადგან ის მოქმედი პოლიციელი იყო. 

კომენტარები