საგარეო საქმეთა სამინისტრო

ბერუჩაშვილი გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს მცოცავ ანექსიაზე ესაუბრა

ტაბულა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს იან ელიასონს შეხვდა.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ძირითადი დრო რეგიონში მიმდინარე პროცესებს დაეთმო. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მცოცავი ანექსიის საფრთხეზე, კერძოდ, რუსეთის მიერ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან გაფორმებული "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ე.წ. ხელშეკრულებასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან ანალოგიური დოკუმენტის პროექტზე გაამახვილა. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ძალისხმევის მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოში გაერო-ს სააგენტოების საქმიანობა და ორმხრივი თანამშრომლობის პროექტები. ქართული მხარის მიერ აღინიშნა გაერო-ს მნიშვნელოვანი როლი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში.

თამარ ბერუჩაშვილმა იან ელიასონი საქართველოში მიიწვია.

კომენტარები