თეორემა

ივანიშვილის მთავრობის ანტი-უკრაინული ისტერია ახალ ფაზაში შედის

ივანიშვილის მთავრობაში ერთგვარი ტრადიცია დამკვიდრდა - ყოველმა შინაგან საქმეთა მინისტრმა უკრაინული სცენარით საქართველოში ხელისუფლების შეცვლის საფრთხეზე უსაფუძვლო განცხადებებით იმ ბრძენი კაცის, ბატონი ბიძინას თვალში ქულა უნდა ჩაიწეროს და ცოტა ხნის შემდეგ საკუთარივე სიტყვები უარყოს. როგორც ჩანს გომელაურმა წინამორბედისაგან ესტაფეტა წარმატებით მიიღო და ჭიკაიძის კვალდაკვალ ისიც ევრომაიდნის მოსაწყობად მომარაგებული საბურავების ძებნას შეუდგა.

უკვე ძნელია ეს ყოველივე ცალკეული პოლიცმაისტერის რიტორიკული უნარების თავისებურებით ახსნა. აშკარად საქმე გვაქვს არა წამოცდენასთან არამედ გამიზნულ ქმედებასთან. ნათელია, რომ ივანიშვილის მთავრობის ანტი-უკრაინული განწყობები მწყობრი პოლიტიკის სახეს ატარებს - კარგად გვახსოვს ემოციურ ფონზე დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, როცა თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი მებრძოლო ალექსანდრე გრიგოლაშვილი ანგარებაში დაადანაშაულა, ხოლო რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა პროვოკაციაზე წამოგებად გამოაცხადა.

იქამდე იყო ფაინენშელ თაიმსიდან პრემიერ ღარიბაშვილის მოწოდება დასავლეთისადმი, არ მიაწოდონ უკრაინას იარაღი და გადახედონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. ივანიშვილის ხელქვეითებისაგან ხშირად ისმის უკრაინისადმი ურთიერთობათა გაფუჭების მუქარები.

რატომ შეიძლება ელანდებოდეს ივანიშვილს მუდმივად უკრაინული სცენარის საქართველოში განმეორების საფრთხე? შესაძლოა მთავრობას ესმის, რომ პროდასავლურ ოპოზიციას დევნის პარალელურად მათი რუსეთთან დაახლოვების პოლიტიკა საბოლოო ჯამში დასავლეთთან დაშორებით დასრულდება და ევროპული არჩევანის დაცვა ხალხს მაიდნის სცენარით მოუწევს.

თეორემას სტუმრებთან ჩვენ შევეცდებით ივანიშვილის მთავრობის ანტი-უკრაინული განწყობების მიზეზები გავაანალიზოთ და ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე ამგვარი პოლიტიკის გავლენაზე ვიმსჯელოთ.

კომენტარები