ხელისუფლება და ოპოზიცია

ბადრიძე: ოპოზიციას ხალხი ნიშნავს. ხელისუფლების ვალია, მას მოუსმინოს

თეორემა/ტაბულა

საქართველოს ყოფილი ელჩის დიდ ბრიტანეთში, გიორგი ბადრიძის განმარტებით, ხელისუფლება კანონის ფარგლებში უნდა მოექცეს. მისი თქმით, ოპოზიციასაც ხალხი ნიშნავს, ამიტომ ხელისუფლება ვალდებულია, მას მოუსმინოს. ამის შესახებ მან ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში ისაუბრა.

"სამწუხაროდ, ჩვენთან კულტურის ნაწილია, რომ ოპოზიციას აღიქვამ მტრად. საზოგადოებას, რომელიც არ იზიარებს შენს აზრს, აღიქვამ მტრად. როგორ დავარწმუნოთ, რომ ის ხალხი, ვინც ოპონირებას უწევს ამ ხელისუფლებას, არ არის მოწადინებული მაინცდამაინც მათი დამხობისა და უბედურების. უბრალოდ, ვცდილობთ ერთობლივად გამოვიმუშაოთ საქართველოსთვის, საზოგადოებისთვის უკეთესი შედეგი.

არ ვიცი, რა დაარწმუნებს აწი ამ ხელისუფლებას, მაგრამ ერთადერთი გზა ჩემი აზრით არის ისევ და ისევ კანონის უზენაესობა. არ არის მათი საქმე, როდესაც ამბობენ - ჩვენ არ მოვუსმენთ ნაციონალური მოძრაობის კრიტიკას, ისინი ჩემთვის არ წარმოადგენენ არავის. შენი საქმე არ არის, ვინ იქნება შენი ოპოზიცია. შენს ოპოზიციას ნიშნავს ამომრჩეველი, ისევე, როგორც შენ დაგნიშნა ამომრჩეველმა ხელისუფლად. შენ მოვალე ხარ, იმათაც კი მოუსმინო, ვინც არ არის ხალხის მიერ არჩეული - საზოგადოების წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციების სახით. არც ისინი უნდა იყვნენ შენ მიერ დასახელებული, როგორც მტერი. ამის გაკეთება უბრალოდ არის უკანონობა. გამოსავალი არის კანონის აღსრულებაში - ნება იბოძოს ხელისუფლებამ, ისევე როგორც სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, მოექცნენ კონსტიტუციის, კანონის ფარგლებში", - თქვა ბადრიძემ.

კომენტარები