ხელისუფლება და ოპოზიცია

საღინაძე: ხელისუფლება არის ძალიან სუსტი და მშიშარა

თეორემა/ტაბულა

პროდიუსერი ირაკლი საღინაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ძალიან სუსტი და მშიშარაა. ამის შესახებ მან ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში ისაუბრა.

"ხელისუფლება არის ძალიან სუსტი და მისი სისუსტე განაპირობებს მის ხასიათს - ის არის მშიშარა. მათ ეშინიათ პირველ რიგში რუსეთის, შემდეგ ხალხის, საზოგადოების და ხშირად მათ ხალხის ხმად ნაციონალური მოძრაობის ხმა ესმით. ყოველ შემთხვევაში, ეშინიათ იმისი, რომ ნაციონალური მოძრაობის ხმა ხალხის ხმად არ იქცეს. ეშინიათ დასავლეთის - ეს მათი ჩამოუყალიბებელი, არდაცული სტილი საგარეო პოლიტიკაში, თუნდაც შიდა პოლიტიკაში, აშკარად თვალსაჩინოს ხდის იმას, რომ ისინი დასავლეთის გავლენებსაც განიცდიან; ეშინიათ არასამთავრობო ორგანიზაციების. მათ იციან, რომ როგორც საერთაშორისო, ისე შიდა საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად მათ აქვთ რაღაც ბერკეტები და გავლენები, ისინი ყველა ნაბიჯზე გრძნობენ საკუთარ სისუსტეს, კომპეტენციის ნაკლებობას, განათლების ნაკლებობას, ყველაფრის ნაკლებობას - ნების, გადაწყეტილების მიღების უნარის და ა.შ.

თვალსაჩინო მაგალითი იყო უადგილო ადგილზე აღმოჩენილი ადამიანის პრობლემა, თუნდაც ჩვენი შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი. ძველ მინისტრსაც ზუსტად იგივე დაემართა. მათი კომპეტენცია, მათი უნარები საერთოდ არ აკმაყოფილებს იმ მოცემულობას, რომელშიც ისინი არსებობენ და იძულებულები არიან, ხმამაღალი განცხადებები აკეთონ და ამითი უნებლიედ ახდენენ საკუთარი შიშების დემონტრირებას, წარმოაჩენენ თუ რა პრობლემა აქვს დღევანდელ მმართველ ძალას. შეიძლება, ახლა მე ძალიან არაპოპულარული რამე ვთქვა, მაგრამ ამით ისინი გვანან ქართულ საზოგადოებას. ხშირად ისინი ასახავენ სწორედ იმ შიშებს, რომლებიც ჩვეულებრივ საშუალო სტატისტიკურ ქართველ მოქალაქეს აქვს - შიშს რუსეთის, შიშს გაურკვევლობის, დასავლეთის მხრიდან, იმ ღირებულებების და სიახლის შიშს, რომელსაც ხედავენ ამაში. საკუთარი თავის შიშს, საკუთარი დაუხვეწაობის და განუვითარებლობის შიშს და ამ ხელისუფლების ფენომენი მდგომარეობს ცოტათი ამაშიც. ის ძალიან კარგად დემონსტრირებს იმ კომპლექსებს, რომელიც ახასიათებს საზოგადოებასაც.

ვფიქრობ, რომ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების, ვიღაც opinion ლიდერების, ადამიანების, რომლებიც მზად არიან გარკვეული პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე არამხოლოდ პოლიტიკურ ასპარეზზე, არამედ საზოგადოებრივ ასპარეზზე, მთავარი მისია არის ის, რომ ამ კომპლექსებისგან მოხდეს საზოგადოების გათავისუფლება. შესაბამისად, საშუალება იქნება, რომ დისტანცირება მოხდეს სუსტი ხელისუფლებისგან და ამ საზოგადოებამ წარმოშვას უკვე ხელისუფალი, რომელიც ნაციონალებისგან და განსაკუთრებით ოცნების ხელისუფლებისგან განსხვავებით, ნაკლებად იქნება კომპლექსებით შეპყრობილი საკუთარი უუნარობის გამო", - თქვა საღინაძემ.

კომენტარები