ხელისუფლება და ოპოზიცია

დანელია: ხელისუფლებას არაფერი შეუძლია და ამიტომ სჭირდება მტრის ხატი

თეორემა/ტაბულა

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი ნინო დანელია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ეშინია ნაციონალური მოძრაობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და დამოუკიდებელი მედიის. მისი თქმით, ხელისუფლება ხედავს, რომ არ შეუძლია ქვეყნის განვითარება და "მტრის ხატს" იგონებს. ამის შესახებ მან ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში ისაუბრა.

"ვფიქრობ, ხელისუფლებას ნაციონალური მოძრაობის ეშინია, ზუსტად ისევე, როგორც ეშინიათ არასამთავრობო ორგანიზაციების, ზუსტად ისევე, როგორც ეშინიათ დამოუკიდებელი მედიის და ამიტომ იგონებენ კანონებს, რომ რაც შეიძლება, ნაკლები შემოსავალი ჰქონდეს მედიას, რომელიც პირდაპირ მათ არ ექვემდებარება.

ზოგადად, ვითარება არის ძალიან მძიმე. ისინი როგორც ჩანს, ხედავენ, რომ მათ არ შეუძლიათ ქვეყნის განვითარება და პროგრესის მიღწევა არც ერთ სფეროში, იქნება ეს ეკონომიკა, საგარეო ურთიერთობები, კულტურა... არაფერი არ შეუძლიათ და ამის გამო მათ ნამდვილად სჭირდებათ მტრის ხატი, ოღონდ ეს მტრის ხატი, როგორც ყოველთვის, მათ დისკურსში არის არა მართლა საგარეო მტერი, რომელიც ჰყავს ამ ქვეყანას, არამედ მოგონილი სრულიად ასეთი პერსონაჟი - ნაციონალური მოძრაობა, როგორც პოლიტიკური ჯგუფი და შემდეგ უკვე ყველა დანარჩენი, მათ შორის სამოქალაქო სექტორი, რომელსაც ებრძვიან გამალებით. მე ვფიქრობ, ეს არის ერთიანი სურათი.

ხელისუფლება პოლიტიკურ დევნას ახორციელებს არამხოლოდ პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ, არამედ ყველა იმ კონკრეტული ადამიანის, ორგანიზაციის თუ ჯგუფის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, გააკრიტიკოს ისინი და ალტერნატიული ხედვა შესთავაზოს საზოგადოებას. იმიტომ, რომ ამ მთავრობას და მის არც ერთ შტოს არ აქვს ხედვა, საით უნდა ქვეყნის წაყვანა. მე ვფიქრობ, ეს არის აგონიური მდგომარეობა და ძალიან მეშინია, რას იზამს ეს მთავრობა არჩევნების წინ", - თქვა დანელიამ.

კომენტარები