ხელისუფლება და ოპოზიცია

ღარიბაშვილი: მიმაჩნია, რომ არ უნდა მოახდინოთ დესტაბილიზაციის თემის დრამატიზება

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ მოსალოდნელი დესტაბილიზაციის თემის დრამატიზება არ უნდა მოხდეს. მისივე თქმით, "თუ ვინმე რამეს გაბედავს, ის ძალიან მკაცრად დაისჯება".

"მიმაჩნია, რომ არ უნდა მოახდინოთ ამ თემის დრამატიზება. არაფერი არ ხდება. სად ხდება, რაღაც ნიშნებს ხედავთ? არაფერი ხდება. არაფერი განცხადება არ გაკეთებულა ისეთი. ზოგადი საუბარი იყო იმაზე, რომ ვიღაცას შეიძლება, სურდეს რამის გაკეთება, მაგრამ ის ვიღაც ძალიან მკაცრად დაისჯება. თუ ვინმე რამეს გაბედავს და რამეს გადაწყვეტს. არ ვიცი, ვინც არ უნდა იყოს, ზოგადად გეუბნებით", - თქვა ღარიბაშვილმა.

მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე გომელაურმა პირველად გაზეთ კვირის ქრონიკასთან ისაუბრა. მან დაადასტურა, რომ შს ყოფილ მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს ნამდვილად ჰქონდა ოპერატიული ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის მხრიდან დესტაბილიზაციაზე. მისი თქმით, "ახლაც არის ინფორმაციები, მაგრამ ამას არ დავუშვებთ, ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდება". ინტერვიუში გომელაური ასევე ამბობდა, რომ ნაციონალური მოძრაობა თავისი განცხადებებით ხალხს აღიზიანებს და "მათ ბევრი რაღაცის გაფუჭება უნდათ".

დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გომელაურმა თქვა, რომ უკრაინის მსგავს არეულობას საქართველოში არ დაუშვებენ. სხდომის დასრულების შემდეგ მას კიდევ ერთხელ მოუწია კომენტარის გაკეთება: "არის სხვადასხვა ძალები, არ დავაკონკრეტებ მათ. მაინცდამაინც პარტიებს ნუ ვგულისხმობთ. არის მსოფლიოში სხვადასხვა ძალები, რომლებსაც სურთ არევა არა მხოლოდ საქართველოში, მთლიანად მსოფლიოში. თქვენ იცით, სირიაში ომია, არეულობაა სხვადასხვა ქვეყანაში. მაინცდამაინც პარტიას ნუ გაუსვამთ ხოლმე ხაზს. მე არ მიხსენებია ნაციონალური მოძრაობა", - თქვა გომელაურმა.

კომენტარები